კახეთი
ვიკიპედიიდან
კახეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. უძველეს ხანაში კახეთი ეწოდებოდა მცირე ტერიტორიას ივრის ზემო წელში თიანეთსა და უჯარმას შორის. ადრეფეოდალურ ხანაში კახეთი მოიცავდა ერწო-თიანეთისა და თუშ-ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალსაც. VIII ს-ის ბოლოს მის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი - არაგვის და მტკვრის ხეობების ტერიტორია ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. XV ს-დან მასვე მიუერთდა მთელი ჰერეთის პროვინცია. ამჟამად კახეთი მოიცავს ისტორიული კუხეთის, ჰერეთისა და საკუთრივ კახეთის ტერიტორიას და უკავია ივრისა და ალაზნის აუზები.
თანამედროვე კახეთის ტერიტორია VIII ს-მდე იბერიის (ქართლის) შემადგენლობაშია. VIII-((X)) სს-ში ჩამოყალიბდა კახეთის სამთავრო, რომელიც შემდგომში ერთიანი ქართული სახელმწიფო ნაწილი გახდა. XV ს-ის მე-2 ნახევრიდან გამოიყო კახეთის სამეფო, 1762 წლიდან ეს ტერიტორია ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია. 1801 წელს შეუერთდა რუსეთის იმპერიას.
კახეთის ცალკეულ კუთხეებს ეწოდებათ: გარეკახეთი, ქიზიყი, შიგნიკახეთი და გაღმამხარი. კახეთის მხარის, როგორც თანამედროვე ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სუბიექტის, შემადგენლობაში შედის ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული კუთხე - თუშეთი.