ისტორიოგრაფია
ვიკიპედიიდან
ტერმინს ისტორიოგრაფია (ბერძნ. ”ისტორია” და ”...გრაფია” - აღწერა) რამდენიმე მნიშვნელობით ხმარობენ:
- ისტორიული მეცნიერების მთელი ისტორია, აგრეთვე გამოკვლევათა ერთობლიობა, რომელიც შეეხება განსაზღვრულ ეპოქას, თემას, ან ისტორიულ ნაშრომთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ შინაგანი ერთიანობა სოციალურ-კლასობრივი ან ნაციონალური მახასიათებლების მიხედვით, მაგ. მარქსისტული ისტორიოგრაფია, ფრანგული ისტორიოგრაფია.
- ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მის ისტორიას, კერძოდ: ისტორიული ცოდნის დაგროვებას, ისტორიული მოვლენების განმარტებას, ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიური მიმართულებების ცვლას და სხვა.
- ისტორიის, ისტორიული პროცესის აღწერა. აქედან მომდინარეობს პროფესიული ტერმინი ისტორიოგრაფი, რაც ისტორიკოსის სინონიმია.
ისტორიოგრაფია არის წარსულის აღწერის მეტა-ანალიზი. ისტორიოგრაფიის შესწავლისას ისწავლება არა წარსულის მოვლენები უშუალოდ, არამედ ამ მოვლენების ინტერპრეტაციების ცვლილებები ცალკეული ისტორიკოსების შრომებში. ზოგიერთი ძირითადი საკითხი, რომელიც განიხილება ისტორიოგრაფიაში:
- ვინ დაწერა ისტორიული წყარო (პირველადი ან მეორეული);
- რამდენად სარწმუნოა წყარო;
- როგორი იყო ისტორიული ცოდნა და წარმოდგენები წყაროს შედგენის პერიოდში;
- ვინ იყო წყაროს შემკვეთი და მომხმარებელი (აუდიტორია);
- რომელ წყაროებს და ფაქტებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რომელს უგულვებელყოფდნენ თხრობისას;
- რა მეთოდით იყო შეგროვებული ინფორმაცია და სხვა.