იჯარეთი (ძეგლი)
ვიკიპედიიდან
იჯარეთი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ იჯარეთის განაპირას, სამხრეთ საქართველოში (ისტორიულ სამცხეში), რაიონული ცენტრის, ადიგენის, მახლობლად. მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს შემორჩენილია კომპლექსის ნაშთები (ეკლესია, საძვალე, გალავანი და სხვა). განსაკუთრებით სამრეკლო - საქართველოში ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი უძველესი ნიმუში. სამრეკლოს ქვედა სართული გახსნილ გასასვლელს კი არ წარმოადგენს, როგორც ეს გუდარეხსა და ზარზმაშია, არამედ დახურულ, ოთხივე მხარეს კედლებით შემოზღუდულ დამოუკიდებელ სამლოცველოს.
შენობის ზემო, მე-2 იარუსი - ღია მალებისაგან შედგენილი ფანჩატური, მთლიანად დანგრეულია. იჯარეთის სამრეკლო თავისი ერთადერთი გადარჩენილი აღმოსავლეთის ფასადის მიხედვით XIII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება.