კვეტერა
ვიკიპედიიდან
კვეტერა, ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, მდინარე ილტოს ნაპირზე, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ახმეტის რაიონი). კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. წყაროებში პირველად XI საუკუნის შუაწლებიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტის (XVIII ს.) მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.
კვეტერის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა, გარს არტყია რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები მძლავრი გალავანი, რომლის კედლებში დატანებულია კონტრფორსები, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ყველაზე მაღალ ადგილზე, აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება. ყოველი მკლავი დასრულებულია აფსიდით. აფსიდებს შორის მოთავსებულია ნიშები. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია მრგვალ ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. შრომით ნაგები შენობა, როგორც ჩანს, მეფის კარის ეკლესიად იყო გათვალისწინებული. ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობისა და ჩუწურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლავი ნაწარმოები.