მარჯანიშვილის თეატრი
ვიკიპედიიდან
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა.
თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა.
აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით "სამგროშიანი ოპერა", გიზო ჟორდანიას რედაქციით.
[რედაქტირება] შენობა
ყოფილი "სახალხო სახლი" ქართველი მეწარმის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აიგო 1907 წელს, პეტერბურგელი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტით. ნაგებობა მოდერნის სტილის ნიმუშია: ფართო რიზალიტის ტალღისებური ფრონტონი, ნაძერწკრატერებიანი კიდეებით; სიმბოლური ფიგურული რელიეფი და ნაძერწი მცენარეული ორნამენტი; ქალის თავის გამოსახულებები პილასტრებზე; ღიობთა ნაძერწი მოჩარჩოება და სპეციფიკური ალათები; სასცენო კოლოფის დამასრულებელი ტალღოვანი მოყვანილობა; პარაპეტის რკინის გისოსის კომპოზიციაში ჩართული გაშლილი ვარდის გამოსახულება და სხვ.