ოე კენძაბურო
ვიკიპედიიდან
ოე კენძაბურო (* 31 იანვარი, 1935, პრეფექტურა ეჰიმე), იაპონელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1994).
დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის ფრანგული განყოფილება. სახელი გაუთქვა მოთხრობამ "პირუტყვის შენახვა" (1958; აკუტაგავას სახელობის პრემია, 1959). ოეს შემოქმედებას ახასიათებს უკიდურესი ინდივიდუალიზმი. მისი ძირითადი თემებია ახალგაზრდა თაობის ბედი ომის შემდგომ იაპონიაში (რომანი "დაგვიანებული ახალგაზრდობა", 1962), ყოველგვარი მორალური მოვალეობისაგან შეუბორკავი, თავისუფალი ადამიანის ცხოვრება (რომანები "ძახილი", "სექსუალური კაცი", ორივე 1963), ჰიროშიმის ტრაგედია, კაცობრიობის მომავალზე ფიქრი ("ჰიროშიმული ჩანაწერები", 1966; რომანები "ფეხბურთი 1860 წლისა", 1967; "გარე მომადგნენ მე წყალნი ვიდრე სულადმდე ჩემისა", ტ. 1-2, 1973).