ჟვანია, ზურაბ
ვიკიპედიიდან
ზურაბ ჟვანია (* 9 დეკემბერი, 1963, თბილისი ― † 3 თებერვალი, 2005, იქვე), ქართველი პოლიტიკოსი.
1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა „საქართველოს მწვანეები“ (1988 წელი), „საქართველოს მწვანეთა“ ხელმძღვანელად აირჩიეს ზურაბ ჟვანია.
1992 წელს გახდა ევროპელ ,,მწვანეთა” პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.
1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ - 1995 და 1999 წელს.
ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.
მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მას-მედიის ჩამოყალიბებაში.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან.
2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“.
2003 წლის ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ, პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
ზურაბ ჟვანია დაიღუპა 2005 წლის 3 თებერვალს (ოფიციალურად–ნახშირჟანგისგან თუმცა არსებობს ვერსია მისი განზრახ მოწამვლის შესახებ). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.