სვერის ციხე
ვიკიპედიიდან
სვერის ციხე, სუერის ციხე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მდ. სვერისხევის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფ. სვერის (ჭიათურა) ჩრდილოეთით. შემორჩენილია ნანგრევების სახით. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში, როცა იგი თურქ-სელჩუკებმა აიღეს (1068). სვერის ციხის აგების თარიღად მიიჩნევდნენ 735 (ვახუშტი ბატონიშვილი, XVIII ს.). მკვლევართა აზრით, იგი ადრინდელ ფეოდალური ხანის ციხეა. 1590 სვერის ციხე ქართლის მეფემ - სიმონ I-მა დაიკავა. 1661 იმერეთში ლაშქრობის დროს, ქართლის მეფემ - ვახტანგ V-მ აიღო და აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს გადასცა. 1744 იმერეთის მეფე - ალექსანდრე V დაეუფლა. 2 წლის შემდეგ აბაშიძეებმა დაიბრუნეს. ხრესილის ბრძოლის (1757) შემდეგ ემორჩილებოდა იმერეთის სამეფო ხელისუფლებას. 1763 წელს ოსმალებმა აიღეს და დაანგრიეს. შემდგომ წლებში სვერის ციხე აღადგინეს. იმერეთის აჯანყების (1810) დროს რუსეთის ჯარმა დაიკავა. ამის შემდეგ სვერის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.