ფშავი
ვიკიპედიიდან
ფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ “ფხოვი” გვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებია.
ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვის სათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში.