ქიზიყი
ვიკიპედიიდან
ქიზიყი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ტერიტორია მდ. მტკვრის ჩრდილოეთით, ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია).
ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. სახელწოდება "ქიზიყი" წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. გვიანდელი შუა საუკუნეებში ქიზიყი იყო კახეთის ძირითადი ძალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია მხარე. მოსახლეობა ხორნაბუჯის ციხეში გაიხიზნა და მტერმა ვერ მოახერხა მისი აყრა. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში კახეთში გაბატონებულ ყიზილბაშ ხანებს ქიზიყში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ყარაღაჯში, ჰქონდათ სამხედრო საყრდენი პუნქტი. ქიზიყშივე ჰქონდა საზამთრო (აგრეთვე ყარაღაჯში) და საზაფხულო (მაღაროში) რეზიდენციები კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული ხანი 1703-1722). XVIII საუკუნის II ნახევარში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მმართველობის დროს, ქიზიყი მთავარ როლს ასრულებდა დაღესტნიდან და ჭარ-ბელაქნიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. XVIII საუკუნის II ნახევარში დაწინაურდა და ქიზიყის მთავარი ქალაქი გახდა სიღნაღი.