შორაპნის ციხე
ვიკიპედიიდან
შორაპნის ციხე, ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ყვირილისა და ძირულის შესართავში (ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორია, ზესტაფონის რაიონი). წყაროებში პირველად მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.). ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. 1730 ოსმალებმა დაიკავეს. 1770 მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა. შემორჩენილია შორაპნის ციხის ნანგრევები (ფართობი 0,5 ჰა-ზე მეტი). კედლების წყობაში შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო ფენა - ანტიკურიდან გვიანდელი ფეოდალურ ხანამდე.