წერეთელი, ალექსანდრე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე წერეთელი (* 1889 წლის 1 ნოემბერი, სოფ. ცხრუკვეთი (ჭიათურის რაიონი) ― † 1967 წლის 29 მარტი, თბილისი), ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ცხრუკვეთში, თვალსაჩინო სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, არქიმანდრიტ იოსებ წერეთლის ოჯახში.
სექციების სია |
[რედაქტირება] განათლება
1909 წელს ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი, ხოლო 1915 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი მსოფლიოს ისტორიის სპეციალობით. აქ მისი მასწავლებელი იყო მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი, აკადემიკოსი ვ. ბუზესკული. სწავლის პარალელურად, 1911-1915 წლებში წერეთელი აქტიურად თანამშრომლობდა ხარკოვის გაზეთში "უტრო", რომლის ფურცლებზე გამოქვეყნდა მისი მრავალი სტატია ქართული ლიტერატურის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.
[რედაქტირება] ალ. წერეთლის მოღვაწეობა 1915-1921 წლებში
ხარკოვის უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ალექსანდრე წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა და შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1915-1918 წლებში იგი ძველი მსოფლიოს და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ქართული ეროვნული განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა. აქ მოღვაწეობდნენ ქართული პედაგოგიური აზრის წარმომადგენლები იოსებ ოცხელი და სილოვან ხუნდაძე. გარდა ამისა, ალ. წერეთელი ლექციებს კითხულობდა ქუთაისის ცნობილ სახალხო უნივერსიტეტში. მისი ნარკვევები და სტატიები ხშირად იბეჭდებოდა ქუთათურ პერიოდულ პრესაში. 1918 წელს ქუთაისში გამოიცა მისი სახელმძღვანელო "ძველი ისტორია". იმავე წელს აირჩიეს საქართველოს მწერალთა ახლადდაარსებული კავშირის წევრად.
ალ. წერეთელმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაფუძნების საქმეს: 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი. უნივერსიტეტის დაარსებისთანავე იგი მიღებულ იქნა მის ასპირანტად.
წერეთელი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასაც. იგი გახლდათ ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თვალსაჩინო წევრი. 1919-1921 წლებში არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ეროვნული პარლამენტის - დამფუძნებელი კრების წევრი.
[რედაქტირება] 1921-1935
1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის წითელმა არმიამ მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ამის შემდეგ, 1921-1924 წლებში ალექსანდრე წერეთელი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, თუმცა, მხარს არ უჭერდა შეიარაღებულ ამბოხებას, მიაჩნდა რა, რომ ეს შეიძლებოდა საბედისწერო ყოფილიყო ქართველი ერისათვის.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1922 წლიდან ალ. წერეთელი მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის ლექტორად. 1927 წელს მონოგრაფიისათვის "ლუკიანე სამოსატელი" მას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1927-1935 წლებში იგი იყო თსუ-ის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე. ამ წლებში გამოიცა მისი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები: "ძველი აღმოსავლეთი" (ორ ნაწილად, 1925, 1935), "სკოლა და სახალხო განათლება ძველ საბერძნეთში" (1923), "ძველი საბერძნეთი" (ორ ნაწილად, 1929, 1932), "ხეთელები და მათი ქვეყანა" (1931) და სხვა. ამავე პერიოდში გამოიცა მისი მონოგრაფიები: "კრეტა-მიკენის ანუ ეგეოსის კულტურა" და "ლუკიანე სამოსატელი".
ერთხანს ალ. წერეთელი ასრულებდა საქართველოს ცენტრალური არქივის დირექტორის მოვალეობას. ამასთან, 1920-იანი წლების შუა ხანებში არჩეული იყო განათლების სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) კოლეგიის წევრად.
[რედაქტირება] 1935-1955
1935 წელს ალექსანდრე წერეთელი დაპატიმრებულ იქნა. იმავე წელს "შინსახკომის" ე.წ. დიდმა სამეულმა ლ. ბერიას თაოსნობით მას მიუსაჯა გადასახლება. 1955 წლის დამლევამდე იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში.
[რედაქტირება] 1955-1967
ალ. წერეთელი გადასახლებიდან დაბრუნდა 1955 წლის დამლევს. 1956 წლის დამდეგს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის პროფესორად და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. 1956 წელსვე მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა მონოგრაფია "სირია და ფინიკია" (1956), სახელმძღვანელოები: "ძველი რომი" (ორ ნაწილად, 1957, 1961) და "ძველი საბერძნეთის წყაროთმცოდნეობა" (1963), მრავალი სამეცნიერო სტატია თსუ-ის შრომებში და სხვა სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში.
1964 წელს, დაბადებიდან 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, იგი დაჯილდოვდა თსუ-ის უმაღლესი ჯილდოთი - აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
პროფესორი ალექსანდრე წერეთელი გარდაიცვალა 1967 წელს, 78 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.