ხორავა, აკაკი
ვიკიპედიიდან
აკაკი ალექსის ძე ხორავა (* 17 აპრილი, 29 აპრილი, 1895, სოფ.ოჩხომური, ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი ― † 23 ივნისი, 1972, თბილისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი მსახიობი და პედაგოგი. ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.
1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა (1915-1917) და თბილისის (1919)უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა ა. ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფეხიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის "გეგეჭკორი"), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 დირექტორი.
ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კ.მარჯანიშვილმა და ა.ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( უალდის "სალომე"), ანდუყაფარი ( ერისთავის "გაყრა"), უსახელო ( ტოლერის "კაცი-მასა"), ლაერტი ( შექსპირის "ჰამლეტი"), ბერსენევი ( ლავრენიოვის "რღვევა"), ანზორი ( შანშიაშვილის "ანზორი"), არგიშდი ( დადიანის "თეთნულდი"), კარლ მოორი ( შილერის "ყაჩაღები"), პლატონ კრეჩეტი ( კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი "), არსენა ( შანშიაშვილის "არსენა"), პედრო ( მდივნის "ალკაზარი"), ოტელო ( შექსპირის "ოტელო", ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ოიდიპოსი ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), სირანო ( როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი"), ტარიელი ( ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ბორის გოდუნოვი ( პუშკინის "ბორის გოდუნოვი ") და სხვა.
ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული პლანის, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, მდიდარი ხმით, განცდის სიმართლით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით, მასშტაბურობით.
1924 წლიდან იღებდნენ კინოში. როლებში: გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე ", 1942-1943), სკანდერბეგი ("ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"!, 1965) და სხვა.
ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939-1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945-1947, 1957-1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951). 1972 წელს ხორავას სახელი მსახიობის სახლს (თბილისი). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.