კოჯორი (გარდაბნის რაიონი)
ვიკიპედიიდან
კოჯორი - დაბა გარდაბნის რაიონში. მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოებაზე 1300-1400 მ-ის სიმაღლეზე თბილისიდან 18 კილომეტრზე.
დაბის სახელწოდებას სვანური წარმომავლობა აქვს: “კოჯო” ნიშნავს ქვას, “კოჯორი” - ქვიანს. კოჯორი სამთო-კლიმატური კურორტია. ზაფხული აქ ზომიერი იცის (ივლისის საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი), ზამთარი - რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -3 გრადუსი), ნალექების საშუალო რაოდენობა 800 მმ წელიწადში. დაბის სტატუსი მინიჭა 1968 წელს. მოსახლეობა 1,9 ათასი (2002). კოჯორში არის განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის (ფსიქონევროლოგიური დისპანსერი, ტუბსანატორიუმი) ობიექტები. დაბის სამხრეთით დგას კოჯრის ციხესიმაგრე (აგარანი, აზეულის ციხე). მისი უძველესი ფენა არა უგვიანეს XI საუკუნის II ნახევრით თარიღდება.