ოქტომბრის რევოლუცია
ვიკიპედიიდან
ოქტომბრის რევოლუცია, ასევე ოქტომბრის გადატრიალება (რუს. Октябрьская революция ან Октябрьский переворот) — შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში , რომლის შედეგად ჩამოგდებულ იქნა დროებითი მთავრობა და ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია - მოვიდა (თავდაპირველად კავშირში ანარქისტებთან და მემარცხენე ესერებთან).
ოქტომბრის გადატრიალება XX საუკუნის ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია რუსეთისა და მთელი დანარჩენი მსოფლიოს განვითარებაზე. ამ მოვლენის შეფასების ფართო სპექტრი არსებობს — იმის მტკიცებიდან, რომ ეს იყო ეროვნული კატასტროფა რუსეთისა და მისი სატელიტი ქვეყნებისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი შეიწირა და ტოტალიტარული რეჟიმი დაამყარა, ასევე მის აღიარებამდე, რომ ეს იყო სოციალიზმის - სოციალური თანასწორობის დემოკრატიული წყობის - მშენებლობის მცდელობა. ამ მოვლენასთან ასევე მრავალი ისტორიული მითია დაკავშირებული.