ციხეგოჯი
ვიკიპედიიდან
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას ნოქალაქევი. (განხილვა) |
ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რაიონში). VI-VIII საუკუნეებში ეგრისის დედაქალაქი.
იატორიის გადმოცემის თანახმად დააარსა ძვ. წ. III საუკუნეში ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (მისი სახელისაგან არის სახელწოდება "ციხეგოჯი" - ქუჯის ციხე; ბერძნული სახელი - "არქეოპოლისი" ნიშნავს ძველ ქალაქს).
ციხეგოჯის სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა - გაშენებული იყო მდ. ტეხურით სამი მხრიდან მოსაზღვრულ პლატოსა და მისგან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აღმავალი მთის თხემზე. 532 ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა ირან-ბიზანტიის ომისათვის მზადებისას (ეგრისის დიდი ომი 542-562), გაამაგრა ციხეგოჯი. 551 ირანის ლაშქარმა მერმეროეს სარდლობით სცადა ქალაქის აღება, მაგრამ უშედეგოდ (არქეოპოლისის ბრძოლა 551). 555 ციხეგოჯთან ბრძოლაში დამარცხდა ირანის ლაშქარი ნახორაგანის სარდლობით. VIII საუკუნის დასაწყისში ციხეგოჯში არაბთა გარნიზონი იდგა. 30-იან წლებში ქალაქი დაარბია არაბთა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). IX-X საუკუნეებში ციხეგოჯი ისევ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. შემდგომში აქ უკვე მცირე დასახლებაა. XVI-XVIII საუკუნეებში ციხეგოჯი ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენციაა.