აქლემი
ვიკიპედიიდან
?Camels | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბაკტრიანი, Camelus bactrianus
დრომედარი, Camelus dromedarius
|
||||||||||||
კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
|
||||||||||||
Camelus bactrianus |
აქლემი (Camelus), მცოხნელი ძუძუმწოვრების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა.
ცნობილია აქლემის ორი სახეობა:
- დრომედარი – ერთკუზიანი აქლემი (Camelus dromedarius).
- ბაქტრიანი – ორკუზიანი აქლემი (Camelus bactrianus).
ველურად მარტო ორკუზიანი აქლემია შემორჩენილი (სინძიანის უდაბნოებსა და სამხრეთ-დასავლეთ მონღოლეთში). აქლემი მხოლოდ უდაბნოსა და მშრალი სტეპის ზონებშია გავრცელებული. იმ მცენარეებით იკვებება, რომლებსაც სხვა მცოხნელები არ ჭამენ. სვამს ცოტა წყალს, ზოგჯერ მლაშესაც. დიდხანს შეუძლია უწყლოდ გაძლება. აქლემის კუზში გროვდება სამარაგო ცხიმი (100 კგ-მდე და მეტიც), რასაც ცხოველი საკვების ნაკლებობისას იყენებს. სხეულის ნაწილები, რითაც წოლის დროს მიწას ეხება, დაფარული აქვს სქელი კორძებით. ამის გამო აქლემს შეუძლია გავარვარებულ (70°C-მდე) ნიადაგზე უვნებლად წოლა. სხეული ეყრდნობა ფართო რბილ თათებს, რაც ქვიშაზე სიარულს უადვილებს. ბევრ ადგილას აქლემი მოშინაურებულია (დაახლოებით 5000 წლის წინ) და გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო ცხოველად. ზრდასრული აქლემის მასა 500-800 კგ-ია. ერთკუზიანი აქლემის მაკეობა გრძელდება 13 თვე, ორკუზიანისა - 14. შობს ერთ კოზაკს. აქლემი ძლიერი სასაპალნე და შესაბმელი ცხოველია. შეუძლია ზურგით ატაროს საკუთარის წონის 50%-მდე ტვირთი, თოხარიკით გადის დღეში 100 კმ-მდე (საათში 10-12 კმ). ცოცხლობს 35-40 წელს. სამუშაოდ იყენებენ 4-25 წლის ასაკში. იძლევა რძეს, ხორცს, მატყლს. ერთკუზიანი აქლემი წელიწადში იწველის 4,5% ცხიმიანობის 2000 ლ-მდე რძეს. ორკუზიანი - 5,4 ცხიმიანობის 750 ლ-მდე რძეს. რძისაგან ამზადებენ კუმისს, კარაქს, ყველს. ორკუზიანი აქლემის ნაპარსის კანძი 5-10 კგ-მდეა (ზოგისა 13 კგმდე), ერთკუზიანისა 2-4 კგ-მდე. ორკუზიანი აქლემის მატყლი უფრო მაღალხარისხოვანია. აქლემის ხორცის კვებითი ღირებულება ძროხის ხორცისას არ ჩამოუვარდება და ზოგან საკვებადაც იყენებენ.