ბორჯომი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბორჯომი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბორჯომი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ბორჯომი ქალაქი-კურორტია აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ქალაქად 1921 წელს გამოცხადდა. მოსახლეობა 9,9 ათასი (2002 წ.). სახელი ოფიციალურ წყაროებში XIX საუკუნეში იხსენიება. ქალაქის ადგილას XV-XVIII სს-ში იყო რამდენიმე სოფელი: ნუა, ფაფა, ჭალა. იმავე ხანებში ურავლის ხეობაში იყო ბორჯომის სახელით ცნობილი სოფელი. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი უნდა მოეტანათ ოსმალეთის დაპყრობითი ომების შედეგად ჩამოსახლებულ ლტოლვილ მოსახლეობას.
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს #1 საექსპორტო პროდუქტია. აქვეა სხვა მცირე საწარმოები და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი).
ბორჯომთან ახლოს მდებარეობს სამთო-სათხილამურო ცენტრი ბაკურიანი, ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები: ცემი, წაღვერი, XIII საუკუნის მონასტერი დაბა, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები პეტრესციხე და გოგიასციხე, ტბა ტაბაწყური. ბორჯომში არის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
2005 წლის 22 ივნისს საქართველომ ბორჯომი ბაკურიანთან ერთად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პრეტენდენტ ქალაქად დაასახელა.