გურიელები
ვიკიპედიიდან
გურიელები, გურიის საერისთავოს, შემდეგ სამთავროს გამგებლები. XI საუკუნიდან გურიის ერისთავებად ისხდნენ ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ-ერისთავები გახდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური სახლის უფროსი, სახლის სხვა წევრები - ბატონიშვილებად. გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი, საგვარეულო საძვალე - მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფ. შემოქმედში. XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელებს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან გურიელები ფაქტობრივად გათავისუფლდნენ ოსმალეთზე დამოკიდებულებიდან. გურიელების ხელისუფლება რუსეთის მთავრობამ ოფიციალურად 1830 წელს გააუქმა, ხოლო 1850 წელს გურიის ბატონიშვილთა 4 ოჯახს თავადთა ხარისხი დაუმტკიცა. ამის შემდეგ "გურიელი" მათ გვარად იქცა.