ვამეყ III დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ვამეყ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ვამეყ |
ვამეყ III დადიანი, ოდიშის მთავარი 1658-1660/1662. ლევან II დადიანის სიკვდილის (1658) შემდეგ ალექსანდრე III იმერთა მეფის დახმარებით ხელში ჩაიგდო ოდიშის სამთავრო ტახტი და დადიანი ტიტული. 1658 ბანძასთან დაამარცხა თავისი მეტოქე ლიპარიტ III დადიანი. 1660 იმერეთის სამეფოში გაჩაღებულ შინაომში ჩაერია, დიდებულთა დახმარებით დაიპყრო სამეფოს დიდი ნაწილი და მეფის ტიტულიც მიიღო. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ქართლის მეფე ვახტანგ V-მ, მაგრამ საქმე მორიგებით დამთავრდა: ვახტანგ V-ს იმერეთის სამეფოს ზემო მხარე დარჩა, დანარჩენი ნაწილი - ვამეყ III დადიანს. ამ უკანასკნელს თავისი ასული ქართლის მეფის ძის არჩილისათვის უნდა მიეთხოვებინა. ამის შედეგად იმერეთის სამეფო არჩილის ხელში გადავიდოდა. ვამეყ III დადიანს კი იმერეთი თავისთვის უნდოდა. მან პირობა დაარღვია და თავისი აული სხვას მიათხოვა. ამას მოყვა ვახტანგ V-ის მეორე ლაშქრობა. ვამეყ III დადიანს იმერეთისა და ოდიშის დიდებულთა დიდი ნაწილი გადაუდგა. მან ჯერ ოდიშს მიაშურა, მაგრამ როცა ოდიშის ციხესიმაგრეებიც ვახტანგ V-ის ლაშქარმა დაიპყრო, სვანეთში გაიქცა. მისი ოჯახი ქართლის ლაშქარმა ჩაიგდო ხელთ. ვახტანგ V-მ ოდიშში ლევან II დადიანის ძმისწული შამადავლე დასვა მთავრად. ვამეყ III დადიანი სვანეთში ღალატით მოკლეს.