ალექსანდრე III
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე |
ალექსანდრე III (― † 1660), იმერეთის მეფე 1639-1660. გიორგი III-ის უფროსი შვილი. ებრძოდა გაძლიერებულ ფეოდალურ ანარქიას. მხარს უჭერდა თავის სიმამრს თეიმურაზ I-ს (ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი) ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის გავლენით ურთიერთობა დაამყარა მოსკოვის სახელმწიფოსთან და რამდენჯერმე (1649, 1651, 1656) გაგზავნა ელჩები. 1651 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს.
ალექსანდრე III ოცი წლის მანძილზე ებრძოდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს. 1657 წელს კი, როცა ლევან II გარდაიცვალა, გაილაშქრა ოდიშზე, გადააყენა ლიპარიტ დადიანი და მთავრად თავისი ერთგული კაცი ვამეყ III დადიანი დანიშნა (1658), გურიის მთავრადაც თავისი მომხრე დემეტრე სიმონის ძე დასვა. ამით ორივე სამთავრო დაიმორჩილა და შეძლო დროებით განემტკიცებინა იმერეთის საშინაო მდგომარეობა.