ლეჟანდრი, ადრიან მარი
ვიკიპედიიდან
ლეჟანდრი, ადრიან მარი (* 18 სექტემბერი, 1752, პარიზი ― † 10 იანვარი, 1833, პარიზი), ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783). ლეჟანდრმა დააფუძნა და განავითარა გეოდეზიის გაზომვათა თეორია. მან პირველმა აღმოაჩინა (1805-1806) და გაიყენა გამოთვლებში უმცირეს კვადრატთა მეთოდი. მათემატიკური ანალიზის დარგში შეოიტანა ე. წ. ლეჟანდრის მრავალწევრები, ლეჟანდრის გარდაქმნა და გამოიკვლია I და II გვარის ეილერის ინტეგრალები. ლეჟანდრმა დაამტკიცა ელიფსური ინტეგრალების დაყვანადობა კანონიკერ ფორმებამდე; აღმოაჩინა, რომ შეიძლებოდა მათი გაშლა მწკრივებად, შეადგინა მათი მნიშვნელობების ცხრილები. ლეჟანდრმა სრულად და თანამიმდევრულად გადმოსცა რიცხვთა თეორია. ვარიაციათა აღრიცხვაში დაადგინა ექსტრემუმის არსებობის პირობა. შეადგინა გეომეტრიის ცნობილი სახელმძღვანელო, რომელშიც ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა პოსტულატი პარალელური წრფეების შესახებ.