გენეალოგია
ვიკიპედიიდან
გენეალოგია არის დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც შეისწავლის საგვარეულოთა ისტორიას და ცალკეული პირების, ოჯახების წარმომავლობას და ნათესაურ კავშირებს. მე-18 საუკუნემდე ეს იყო ცოდნის პრაქტიკული დარგი, რომლის ძირითადი ფუნქცია საგვარეულო (გენეალოგიური) ნუსხის შედგენით ამოიწურებოდა.
გენეალოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰერალდიკასთან და სხვა დამხმარე ისტორიულ დარგებთან. მეფეების, მმართველების, მითიური გმირების საგვარეულო ნუსხები ჯერ კიდევ ძველ დროში არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა გენეალოგიამ შეიძინა შუა საუკუნეებში, როდესაც წოდებათა პრივილეგიები ყალიბდებოდა. მე–15 საუკუნიდან გაჩნდა საგანგებო გენეალოგიური ცნობარები (გენალოგიური ხის ან ნუსხის სახით), რომელშიც შეტანილი იყვნენ გვარის ყველა ძირითადი და გვერდითი შტოს წარმომადგენლები, აღნიშნული იყო მათი საქორწინო კავშირები.
პირველი ქართული ორიგინალური თხზულება, სადაც საგვარეულო ნუსხაა მოცემული, არის სუმბატ დავითის ძის (მე–11 ს.) ნაშრომი „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“. მე-19 საუკუნის დასაწყისში იოანე ბატონიშვილმა შეადგინა ვრცელი გენეალოგიური ნაშრომი ქართლ–კახეთის სამეფოს 62 სათავადო და 200-ზე მეტი სააზნაურო სახლის შესახებ.
მე–19 საუკუნის დასაწყისში, როცა მეფის მთავრობამ შემოიღო საქართველოს არისტოკრატიულ საგვარეულოთათვის სათავადო და სააზნაურო ხარისხის დამტკიცება, ცალკეულმა საგვარეულოებმა გენეალოგიური ნუსხები შეადგინეს და სხვა საბუთებთან ერთად შეიტანეს დასამტკიცებლად მთავრობის ორგანოებში.