გიორგი მერჩულე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "მერჩულე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: მერჩულე |
გიორგი მერჩულე, X საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.
განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას (პ. ინგოროყვას განმარტებით, "მერჩულე" სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს). მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოლელისა და სხვათა თხზულებანი).
გიორგი მერჩულეს თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთერისთავმა 958-966. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოდასეთა თავგადასავალს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა და ზოგიერთი საცილობელი საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საყურადღებოა თხზულებაში გადმოცემული ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა.
გიორგი მერჩულეს აზრით, "ქართლი" მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება: "ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით გიორგი მერჩულეს მსოფლმხედველობა ცხოველ ინტერესს იწვევს. მწერალი ოფიციალური ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცედ დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. თხზულებაში ზოგჯერ სასულიერო მწერლობისათვის მოულოდნელი ეპიზოდებიც გვხვდება, იგრძნობა ლტოლვა საერო მოტივებისაკენ, რაც უმთავრესად სატრფიალო თავგადასავალთა გადმოცემაში მჟღავნდება. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. თემატიკურ მრავალფეროვნებასა და იდეურ-აზრობრივ სიღრმესთან ერთად თხზულება ინტიმურ-ფსიქოლოგიურ განცდებისა და ყოფითი რეალიების სრულყოფილი ასახვითაც გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების სოფრონ შატბერდელის, ილარიონ პარახელის, გიორგი მაწყვერელისა და სტეფანე მტბევარის შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნ. ჩუბინაშვილმა, 1845). 1902 ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ (Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, VII, СПб., 1911). ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923). 1956 დ. ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (მერჩულიულნი).