გორი
ვიკიპედიიდან
სიტყვას "გორი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გორი (მრავალმნიშვნელოვანი). |
გორი, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი 1950 წლიდან საქართველოში, შიდა ქართლის მხარისა და გორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 76 კმ (რკინიგზით). გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,9°C, იანვარი - 1,2°C, აგვისტო 22,5°C. ნალექები 585 მმ წელიწადში; მაქსიმალური მოდის მაისში (76 მმ), მინიმალური - აგვისტოსა (34 მმ) და იანვარში (30 მმ). 49,5 ათასი მაცხოვრებელი (2002).
[რედაქტირება] ისტორიული ცნობა
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება წარმოდგება ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხესიმაგრე. მატიანეებში გორი VII საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ზოგიერთი ისტორიული წყარო ქალაქის დაარსებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (XII ს. დასაწყისი). არქეოლოგიური მასალები მოწმობენ, რომ ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გორის ტერიტორიაზე უძველესი არქეოლოგიური ძეგლია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, მტკვრის ნაპირას, ადგილ ღამბარეულზე. ნაპოვნი კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1946 წელს გორის ციხის ჩრდილოეთ მხარეზე მეწყერმა გააშიშვლა ანტიკური ხანის კულტურული ფენა. აღმოჩნდა ალიზის კედელი, თხელკეციანი ქვევრები, წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამირი, შავპრიალა და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ფენები ძვ. წ. I ათასწლეულის მიწურულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანის სამრხები აღმოჩნდა ციხის აღმოსავლეთით. სამარხებში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, მონეტები, მძივები, სამაჯურები და სხვა სამკაული. აღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგებს შორის საყურადღებოა აღმოსავლური იერის ქვის მრგვალი ქანდაკების თავი, რომელიც ანტიკური ხანისა უნდა იყოს.
ქალაქი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ეკონომიკური გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას შიდა ქართლზე. XIII საუკუნეში გორს ოსები დაეუფლნენ და მონღოლთა დახმარებით კარგა ხნით დამკვიდრდნენ აქ. XIV საუკუნის 20-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი. 1477 წელს აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰი უზუნ-ჰასანი მოულოდნელად თავს დაესხა გორს, უბრძოლველად აიღო, მაგრამ მალე დატოვაიგი. XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო ირანის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი. 1614 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნის 70-იან წლებში გორი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. აქედან მოყოლებული გორი რამდენიმე წელი ოსმალთა ხელში იყო. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. XVIII საუკუნის 40-იან წლებში გორი უცხოელ დამპყრობელთაგან განთავისუფლდა.
გორი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები: ფარსადან გორგიჯანიძე, დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), გიორგი გორელი (XVIII ს.), სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII-XIX სს.), თუმანიშვილთა გვარის მრავალი წარმომადგენელი: ავთანდილი (XVIII ს.), დიმიტრი (XVIII-XIX სს.), გიორგი (1744-1837), დავითი (XVIII-XIX სს.) და სხვა.
რუსეთთან შეერთების შემდეგ გორი სამაზრო ქალაქი გახდა, ხოლო 1950 წლიდან - რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი.
მოსახლეობის რაოდენობა ასე იცვლებოდა: 1865 წელი - 5,1 ათასი, 1897 წელი - 10,5 ათასი, 1914 წელი - 25,7 ათასი, 1977 წელი - 54,1 ათასი, 1988 წელი - 61,2 ათასი. ამჟამად მოსახლეობა 49,5 ათასს შეადგენს (2002 წ.).
გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, აქედან სარკინიგზო განშტოება მიემართება ქალაქ ცხინვალისკენ. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ი.სტალინისა და კამოს სახლ-მუზეუმები. გორის შემოგარენში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი გორიჯვარი, უფლისციხე, ატენის სიონი. გორში არის სამთავისისა და გორის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.