ცხინვალი
ვიკიპედიიდან

ცხინვალი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1934-1961 წლებში ქალაქს სტალინირი ერქვა. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 42 ათასი (1989 წ.).
სახელი წარმოსდგება მცენარე რცხილადან, ძველი ქართულით ქრცხილა, აქედან ქრცხინვალი. უძველესი წერილობითი ცნობა, რომელშიც ნახსენებია ცხინვალი, ეკუთვნის 1398 წელს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი აშენებულია III საუკუნეში მეფე ასფაგურის მიერ.
1770 წელს ქალაქში 700 კომლი ცხოვრობდა. “დიდი ლიახვის კიდეზედ, არს მცირე ქალაქი ქრცხინვალი, კეთილ ჰაეროვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი” - აღნიშნავდა ვახუშტი მის შესახებ. ეს თავისებურება შენარჩუნებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. შემდგომში დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. იხ. ცხრილი:
ეროვნება | 1886 | 1922 | 1959 | 1970 | 1989 |
ქართველები | 1,1 | 1,4 | 4,6 | 5,5 | 6,9 |
ოსები | - | 0,6 | 12,4 | 20,8 | 31,5 |
ებრაელები | 1,9 | 1,7 | 1,6 | 1,5 | 0,4 |
სომხები | 0,7 | 0,8 | 0,9 | 0,8 | 0,7 |
რუსები | - | 0,1 | 1,6 | 1,2 | 1,8 |
სულ (ათასებში) | 3,8 | 4,6 | 21,6 | 30,3 | 42,3 |
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
ქალაქში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - კავთის წმ. გიორგის ეკლესია, რომლის უძველესი სამშენებლო ფენა მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. აქ არის აგრეთვე ციხე-გალავანი (1718 წ.), ღვთისმშობლის მიძინების, კვირაცხოვლის და ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიები. ცხინვალში არის ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის რეზიდენცია.