ნეი, მიშელ
ვიკიპედიიდან
მიშელ ნეი (ფრანგ.: Michel Ney) (* 10 იანვარი, 1769, ზაარლუი, გერმანია; † 7 დეკემბერი, 1815, პარიზი) - ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი, ელხინგენის ჰერცოგი და მოსკოვის თავადი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
მიშელ ნეი (დაბ. მიხაელ ნაი, გერმ.: Michael Ney) დაიბადა ღარიბი ნალების მჭედლის ოჯახში, ქალაქ ზაარლუიში, ბიერშტრასე 13-ში, რომელიც იმ დროს საფრანგეთის მიერ იყო დაპყრობილი. 1788 წელს იგი საფრანგეთის არმიის ჰუსარების პოლკში ჩაეწერა და რევოლუციის დროს უნტეროფიცერი იყო. 1796 წელს იგი უკვე ბრიგადის გენერალი, 1799 წელს კი დივიზიის გენერალი იყო. 1804 წელს ნაპოლეონმა მას საფრანგეთის მარშალის წოდება მიანიჭა, ხოლო 1808 წელს ელხინგენის ჰერცოგის და 1812 წელს მოსკოვის თავადის ტიტულები.
1814 წელს ნეი საიმპერატორო გვარდიის სარდლად დაინიშნა. ნაპოლეონის ტახტიდან გადადგომის შემდეგ იგი ბურბონების სამსახურში ჩადგა, მაგრამ ბონაპარტის ელბადან დაბრუნების და 100 დღიანი მმართველობის დროს ისევ ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. ვატერლოოსთან ბრძოლაში იგი შეშლილივით იბრძოდა (ნეის 5 ცხენი გამოუკლეს და ბოლოს ქვეითად მიდიოდა შეტევაზე) და ცდილობდა მოახლოებული დამარაცხება როგორმე თავიდან აეცილებინა. ნაპოლეონის ხელმეორედ ტახტიდან გადადგომის შემდეგ მან უარი განაცხადა საფრანგეთის დატოვებაზე და 1815 წლის 3 აგვისტოს დაპატიმრებულ იქნა. მიშელ ნეის ბურბონებმა ბრალი სამშობლოს ღალატში დასდეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1815 წლის 7 დეკემბერს იგი ლუქსემბურგის ბაღში დახვრიტეს. ცეცხლის ბრძანება მან თვითონ გასცა.
ნეიმ, როგორც მთავარსარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1812 წელს ნაპოლეონის რუსეთზე ლაშქრობის დროს, როცა იგი საფრანგეთის არმიის არიერგარდს ხელმძღვანელობდა და ბრწყინვალედ იცავდა „დიდი არმიის“ უკანდახევას. ნეის მამაცობაზე უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი, ერთ-ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ის ერთადერთი გადაურჩა კაზაკების არიერგარდზე თავდასხმას და სრულიად გაყინულმა და ძალაგამოცლილმა თავი პრუსიულ გუმბინოში განლაგებულ ბანაკში ოფიცერთა სასადილოს შეაფარა. ოფიცრებმა ნეი ვერ იცნეს და სასადილოდან გამოგდება დაუპირეს, რაზეც მან უპასუხა: „ბრავო ბატონებო, ნუთუ ვერა მცნობთ? მე ვარ დიდი არმიის არიერგარდი - მე ვარ მიშელ ნეი“.
ნაპოლეონი მას „მამაცთა შორის მამაცს“ (ფრანგ.: le brave des braves) ეძახდა.