ნუცუბიძე, შალვა
ვიკიპედიიდან
შალვა ნუცუბიძე (* 14 დეკემბერი, 1888 ― † 6 იანვარი, 1969), ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაიბადა სოფ. ფარცხანაყანებში, ქუთაისთან. 1910 წელს დაამთავრო პეტერბურგის უნივერსიტეტი (რუსეთი). [[1911[[-1914 წლებში ლაიპციგის უნივერსიტეტის (გერმანია) სტუდენტია. 1915 წელს მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
1916-1918 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის ლექტორია. 1918 წელს იყო ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. 1918-1953 და 1960-1969 წლებში ამავე უნივერსიტეტის პროფესორია (1920-1929 წლებში იყო თსუ-ის პრორექტორი).
1925-1926 წლებში იყო ლაიპციგის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 1927 წელს მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1944 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).
აღსანიშნავია, რომ 1919-1921 წლებში შალვა ნუცუბიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის 25 თებერვალი) შემდეგ იგი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან: დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-1940 წლებში, 1953-1960 წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა.
გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.