ტორი
ვიკიპედიიდან
ტორი (Þórr, Thor, Thunar, Donar) - სკანდინავიურ მითოლოგიაში, ელვის და ქუხილის ღმერთი. ტორი არის ოდინის და იორდის (დედამიწა) უფროსი შვილი. ის არის სიფის ქმარი, მოდის (სიმამაცე), თრუდის (ენეგია, სიფხიზლე) და მაგნის (სიძლიერე) მამა. ტორის სახლს თუდთჰვანგრი (ენერგიის მოედანი), დარბაზს კი ბილსკირნირი (მოციმციმე ნათება) ქვია.
ტორი არის კოლოსალური ძალის მქონე მეომარი. მისი მაგიური სარტყელი მას კიდევ უფრო უმატებს სიძლიერეს: რაც უფრო ძლიერ მოიჭერს სარტყელს, მით უფრო მეტი ძალა ეძლევა. მისი იარაღი არის დიდი საომარი ურო - მიოლნირი, რომელიც ლოკეს დავალებით იქნა გაკეთებული ორი ნაინის, სინდრის და ბროკრის მიერ. მიოლნირის გაქნევის შემდეგ ეს საომარი ურო მუდამ, თავის მფლობელს, ტორს უბრუნდება და მზად არის ხელახალი ბრძოლისთვის. ტორი ცას კვეთს ორი მაგიური თხის, ტანგნიოსტის და ტანგრისნირის მეშვეობით. ამავე დროს ეს ორი თხა ტორის გამოულევი საკვებია. ის მათ შეწვავს და ჭამს. ძვლებს კი ტოვებს და მეორე დღეს თხები ცოცხლდებიან. ტორი არის ყველაზე ძლიერი ადამიანთა და ღმერთთა შორის. ის აგრეთვე არის მიგდადრის დარაჯი. ამასთანავე ტორი ღმერთებს და ადამიანებს გიგანტებისგან იცავს. რაგნაროკის ჟამს იგი ლოკეს შვილს, დიდ ზღვის გველს, იორმუნგანდს ებრძვის და დაამარცხებს მას. მაგრამ იორმუნგანდი მაინც შესძლებს კბენას და ტორს შხამით მოწამლავს. გველი პირველი იღუპება, ხოლო ტორი კი ცხრა ნაბიჯის გადადგმას ახერხებს, რის შემდეგაც ეცემა.