ჰერეთი
ვიკიპედიიდან
ჰერეთი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII ს-ში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული - ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება "ჰერეთი" აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV ს-დან ტერმინი “ჰერეთი” აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი “კახეთი”.