ახალგორი
ვიკიპედიიდან
ახალგორი - დაბა ახალგორის რაიონში, რაიონული ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი მას იხსენიებს “მცირე ქალაქად”, რომელშიც “მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი”. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორი ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.