კასპი
ვიკიპედიიდან
ქალაქი
კასპი
|
კასპი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. რკინიგზის სადგური ზღვის დონიდან 560 მ, თბილისიდან 48 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1959 წელს. მოსახლეობა 15,2 ათასი (2002 წ.
ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ კასპს ქართლის 4 უძველეს ქალაქთა შორის მოიხსენიებს. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას ქართველთა ერთ-ერთ ეთნარქ უფლოსს მიაწერს. V საუკუნეში კასპი ციხე-ქალაქია. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაარბია. XV საუკუნიდან ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოს — ამილახვრებს.
ქალაქი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. ჰავა სტეპურიდან ნოტიოზე გარდამავალი. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლის ტემპერატურა 11,4°C, იანვარში 0,5°C, აგვისტოში 23°C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 27°C, აბსოლუტური მასიმალური 40°C. მალექები 450 მმ წელიწადში.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. კასპში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიები — კვირაცხოველი, ღვთისმშობელი და „შუბნიშანი“. კასპში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი და 1941-1945 დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯაოშვილი ვ., გვასალია ჯ., ქსე, ტ. 5, გვ. 425, თბ., 1980