აუნგ სან სუ კი
ვიკიპედიიდან
აუნგ სან სუ კი (Aung San Suu Kyi) - მიანმარელი (ბირმა) პოლიტიკოსი ქალბატონი, ადამიანის უფლებათა დამცველი, პაციფისტი; 1991 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა 1945 წლის 19 ივნისს რანგუნში. განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტში. 1988 წელს იგი ბრუნდება ბირმაში და იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მიანმარში ხელისუფლებაში მოდის სამხედრო ხუნტა, რომელიც უსასტიკესად უსწორდება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. აუნგ სან სუ კი შედის პოლიტიკურ მოძრაობაში "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის", რის გამოც პუტჩისტები მას 1989 წელს შინაპატიმრობას მიუსჯიან. უკანონო ხელისუფლება მას თავისუფლებას სთავაზობს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მაგრამ მტკიცე უარს იღებს. 1990 წელს ხუნტა ატარებს არჩევნებს, სადაც "ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის " დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები გაუქმებული იქნა, ხოლო შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს ძალაუფლების გადაცემაზე. ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და 1991 წელს აუნგ სან სუ კის გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. პრემიის სახით მიღებული $1.3 მლნ. მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობის განვითარებასა და განათლების გავრცელებას მოახმარა. შინაპატიმრობიდან სუ კი გათავისუფლდა 1995 წლის ივლისში. 1999 წელს დიდ ბრიტანეთში მას გარდაეცვალა მეუღლე, მაგრამ სამხედრო ხუნტამ მას ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა არ მისცა. 2000 წლის სექტემბერში პუტჩისტებმა იგი კვლავ შინაპატიმრობაში მოათავსეს და მხოლოდ 2002 წლის 6 მაისს გაეროს შუამავალთა ჩარევით მას კვლავ დართეს თავისუფლად გადაადგილების ნება. 2003 წლის 30 მაისს სოფელ დეპაინში ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მის ავტომობილს, რომლის დროსაც მრავალი მისი მომხრე იქნა მოკლული და დაჭრილი. სუ კიმ მის მძღოლთან ერთად თავს გაქცევით უშველა, მაგრამ იგი მალევე დააპატიმრეს და ქ. იანგონის ციხე ინსეინში მოათავსეს. 2003 წელს გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ იგი კვლავ შინაპატიმრობის რეჟიმში იქნა გადაყვანილი მიანმარის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დღემდე შევიწროვებულია საკუთარ ქვეყანაში და შეზღუდული აქვს ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება.