დუხობორები
ვიკიპედიიდან

დუხობორები (რუს. Духоборы "სულისათვის მებრძოლნი"), უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის II ნახევარში ვორონეჟის, ტამბოვის, ეკატერინოსლავის გუბერნიებში. დუხობორების აზრით, კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარეობს ბრძოლა სულიერსა (აბელის მიმდევრები) და ხორციელს (კაენის მიმდევრები) შორის. უკანასკნელს განეკუთვნებიან ხელისუფალნი. უსამართლო მსაჯულნი, მდიდრები. დუხობორებს საკუთარი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სამართლით გამსჭვალული ძმობა. ისინი არ იცავენ არავითარ წეს-ჩვეულებას, გარდა ქორწინებისა, და აქვთ სპეციალური ფსალმუნები, რომელთაც ასრულებენ საგანგებო კრებებზე.
1804 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა დუხობორებს მელიტოპოლის მაზრაში დასახლების უფლება მისცა, ხოლო 1841 წელს ისინი ამიერკავკასიაში, ახალქალაქის მაზრაში, გადაასახლეს. 1898-1900 წლებში დუხობორების ნაწილი გაასახლეს კანადაში, სადაც დღემდე არსებობს მათი თემები.
საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა შექმნეს კომუნები (უტოპიური სოციალიზმის საწყისებზე), მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, მევახშეობას. აქ ისინი ცალკე ეთნოგრაფიულ ერთეულად ჩამოყალიბდნენ განსხვავებული წეს-ჩვეულებებითა და ყოფით. თანდათანობით კლასობრივი დიფერენციაციის გაღრმავებას სექტის დაშლა და XIX საუკუნის დასასრულს მისი ერთი ნაწილის (მეტწილად ღარიბთა) ემიგრაცია მოჰყვა.