კაპოეირა
ვიკიპედიიდან
კაპოეირა (პორტ. Capoeira [kapu'e(i)ra]) აფრო-ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება (ასევე ცეკვის, მუსიკისა და პოპ-კულტურის შემადგენელი ნაწილი) თავდაპირველად ჩამოყალიბდა კოლონიურ პერიოდში ბრაზილიაში აფრიკელ მონათა მიერ. ტექნიკა გამოირჩევა მატყუარა სწრაფი მოძრაობებით, ძლიერი აკრობატული კომპონენტებით და ზოგიერთ ვერსიებში, როგორც წესი, მუსიკის თანხლებით სრულდება.
კაპოეირას ორი მთავარი ერთმანეთისგან გამორჩეული სტილი არსებობს. ერთს ჰქვია ანგოლა, დამახასიათებელი ნელი, დაბალი თამაშით კაპოეირას რიტუალისა და ტრადიციების ზედმიწევნით შესრულებით. მეორე სტილია რეჟიონალ, გამორჩეული განუწყვეტელი აკრობატული თამაშით, სადაც ტექნიკასა და სტრატეგიას ექცევა მთავარი ყურადღება. ორივე სტილს ახასიათებს სწრაფი ვარდნითი მოძრაობები და მიწაზე გართხმული მოჩვენებითი სიმშვიდე მყისიერი წამოვარდნით, ფეხისცემითა და თავისკვრით.
სიტყვა კაპოეირას წარმომავლობა გაურკვეველია. ერთი ვერსიით ის შესაძლოა მიუთითებდეს ტყის ან ჯუნგლის დაწვით ან გაკაფვით მიღებულ არემარეზე. აფრო-ბრაზილიელი მეცნიერი კარლოს ეუჟენიე მიიჩნევს რომ სახელწოდება მიუთითებს დიდ მრგვალ კალათაზე სახელით კაპა, რომლითაც ქალაქელი მონები თავზე გასაყიდ საქონელს დაატარებდნენ (აქედან კაპოეირა კალათის დამტარებელი ადამიანია). ალტერნატიულად, კონგოელი მეცნიერი კია ბუნსეკი ფუ-კიაუ ვარაუდობს, რომ კაპოიერა კიკონგოს ენის სიტყვის კიპურას დამახინჯებული ფორმაა, რაც ცანცარს, მოუსვენრობას, ყოყლოჩინობას ნიშნავს. მისი აზრით ტერმინი აღწერს მამლის საბრძოლო მოძრაობებს.
ბოლო დროს, ხელოვნებას პოპულარიზაციას უწევს კაპოეირას ტექნიკის სხვადასხვა კომპიუტერულ თამაშებსა და კინოფილმებში შესრულება. კაპოეირას მუსიკა თანამედროვე პოპ მუსიკის შემადგენელი ნაწილიც გახდა.