საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა
ვიკიპედიიდან
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა არის შორი მოქმედების (5 500 კმ-ზე მეტი) იარაღი, რომელიც, როგორც წესი, მზადდება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ბირთვული საბრძოლო თავების მისატანად. მათი შორი მოქმედების რადიუსის და დამანგრეველი ძალის გამო სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის შემთხვევაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები წარმოადგნენ ყველაზე უფრო დამანგრეველ ძალას.
დღესდღეისობით ხუთ სახელმწიფოს აქვს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები: აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს. ინდოეთს აქვს საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები და ამჟამად ქმნის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებს (იგივე ეხება პაკისტანს). ჩრდილოეთ კორეასაც აქვს გარკვეული მიღწევები ამ სფეროში: 1998 და 2006 წელს მან გამოსცადა რაკეტები, თუმცა არცთუ ისე წარმატებულად.
1991 წელს აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ შეემცირებინათ ბირთვული რაკეტების რაოდენობა (შეთანხმება სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ).
[რედაქტირება] ფრენის ფაზა
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში ფრენის რამდენიმე ფაზა შეიძლება გამოიყოს:
აფრენა-გრძელდება 3-5 წუთი (მყარსაწვავიანი რაკეტებისათვის ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე თხევადსაწვავიანი რაკეტებისათვის). რაკეტების მიერ ამ დროს მიღწეული სიმაღლე არის 150-400 კმ მათი ტრაექტორიის მიხედვით, საწვავის გამოლევის შემდეგ ტიპიური სიჩქარე - 7 კმ/წმ.
შუა ფაზა-გრძელდება 25 წუთი და წარმოადგენს სუბორბიტალურ ტრაექტორიას მაქსიმალური სიმაღლით 1 200 კმ. მის დროს საბრძოლო თავი შეიძლება დაიშალოს რამდენიმე დამოუკიდებელ საბრძოლო თავად, რომლებიც სხვადასხვა მიზანს ემიზნება.
შესვლა-იწყება დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე და გრძელდება 2 წუთი. საბრძოლო თავი მიზანს უახლოვდება 4 კმ/წმ სიჩქარით (პირველი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისათვის ეს სიჩქარე 1 კმ/წმ ნაკლები იყო)