ადენაუერი, კონრად
ვიკიპედიიდან
კონრად ადენაუერი (* 5 იანვარი, 1876, კელნი ― † 19 აპრილი, 1967, რენდორფი, ბონის მახლობლად), გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, განათლებით იურისტი. 1917-33 წლებში იყო კელნის ობერბურგომისტრი, 1920-32 - პრუსიის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, კათოლიკური პარტია "ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი. 1933 წელს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა ნაცისტური მთავრობის მიერ. შემდგომი პერიოდი გაატარა კათოლიკურ მონასტერში. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის პარტიის დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე 1949-იდან. აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის სახელმწიფოს (გფრ) ჩამოყალიბებასა და მისი კონსტიტუციის შემუშავებაში. ადენაუერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიისა და უცხოეთის მონოპოლიებთან. 1949-63 იყო ფედერალური კანცლერი, ერთდროულად 1951-55 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1955 ეწვია სსრ კავშირს. ამ ვიზიტს მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება სსრკ-სა და გფრ-ს შორის. ადენაუერის მთავრობამ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას (1954). ამ მთავრობის პოლიტიკამ ხელი შეუწყო გფრ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღორძინებას. ადენაუერის ინიციატივით აიკრძალა გერმანიის კომუნისტური პარტიის (1956) საქმიანობა. ადენაუერის მთავრობა ესწრაფოდა II მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში დადგენილი საზღვრების გადასინჯვას, ერთიანი გერმანიის სახელმწიფოს აღდგენას 1937 საზღვრებში. აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან ერთად მომხრე იყო "ძალის პოლიტიკის" გატარებისა სსრკ-სა და სოციალისტური ბლოკის სხვა სახელმწიფოების მიმართ. მისი თაოსნობით 1958 ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გფრ-ის მთავრობას ანიჭებს უფლებას აღჭურვოს ბუნდესვერი ატომური და რაკეტული იარაღით.
![]() |
|
კონრად ადენაუერი | ლუდვიგ ერჰარდი | კურტ გეორგ კიზინგერი | ვილი ბრანტი | ჰელმუტ შმიტი | ჰელმუტ კოლი | გერჰარდ შრიოდერი | ანგელა მერკელი |