გარდაბნის რაიონი
ვიკიპედიიდან
გარდაბნის რაიონი არის ადმინისტრაციული რაიონი ქვემო ქართლის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ტფილისის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან - ტფილისის მაზრაში, 1938 წლიდან - თბილისის ოლქის ყარაიის რაიონია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გარდაბანი. გარდაბნის რაიონს სამხრეთით ესაზღვრება აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით მცხეთის, აღმოსავლეთით - საგარეჯოს, დასავლეთით - თეთრი წყაროსა და მარნეულის რაიონები.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
[რედაქტირება] რელიეფი
გარდაბნის რაიონის ჩრდილოეთი და ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი უჭირავს მთებს, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი ვაკეებსა და ზეგანს. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მეოტურ-პონტური ასაკის კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებითა და ქვიშებით აგებული იალნის ქედი (მთა იალნო 1881 მ), დასავლეთით და ჩრდილოეთ-დასავლეთით - ინტენსიურად დანაოჭებული პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური და დანალექი (თიხები და ქვიშაქვები) ქანებით აგებული თრიალეთის ქედის აღმოსავლეთი დაბოლოების განტოტებები - კოჯორ-საყარაულოს, მთაწმინდის, თაბორის, თელეთის ქედები და მათ შორის მოქცეული ხეობები. მთავარი მწვერვალებია: სანიშნო (1499 მ), უძო (1419 მ). იალნოს ქედის სამხრეთ კალთის გასწვრივ გადაჭიმულია ზედაეოცენირ-ქვედამიოცენური ასაკის თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით აგებული სამგორის ტალღობრივი ვაკე, რომელიც აღმოსავლეთით ერწყმის ივრის ზეგანს, სამხრეთ-აღმოსავლეთით - გარდაბნის ვაკეს. ზეგანზე სარმატული ქვიშებითა და კონგლომერატებით აგებული მონოკლინური სერები და მათ შორის მოქცეული გასწვრივი ვაკე-ტაფობები ჭარბობს. გარდაბნის ვაკე ალუვიურ-დელუვიური ნალექებით აგებული ტერასული ვაკეა. მტკვრის მარჯვენა მხარეს, თელეთის ქედსა და იაღლუჯის მაღლობს შორის მდებარეობს კუმისის ტაფობი.
გარდაბნის რაიონის უმთავრესი წიაღისეულია: ნავთობი (ნორიო, მარტყოფი, სამგორი, სართიჭალა), გაჯის ნედლეული (ახალი სამგორი). ბევრია სამშენებლო მასალა: ანდეზიტ-ბაზალტები (თელეთის ქედი), ტუფოგენური ქვიშაქვები (წავკისისწყლის ხეობა), კერამიკული თიხები და სხვა.
ტერიტორია - 1304 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო . სავარგულებს უკავია 780 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიას კვეთს მდინარე მტკვარი და მისი შენაკადები, ასევე სამგორის ზემო და ქვემო მაგისტრალური სარწყავი არხები. მნიშვნელოვანი ტბებია ჯანდარის და კუმისის. აქ მდებარეობს კლიმატური კურორტები კოჯორი და კიკეთი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 114 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 88 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 42 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 39 სოფელი. დიდი სოფლებია: გამარჯვება 5,3 ათასი მოსახლე, მარტყოფი - 7,7 ათასი, ნაზარლო - 5,7 ათასი, სართიჭალა - 7,0 ათასი, ფონიჭალა - 5,7 ათასი, ქესალო - 5,5 ათასი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო - გამგეობა.
[რედაქტირება] ეკონომიკა
მრეწველობის დარგებიდან წამყვანია ენერგეტიკა, რადგან აქ მდებარეობს გარდაბნის თბოელექტროსადგური. არის აგრეთვე საშენი მასალების, კვების და მსუბუქი მრეწველობის მცირე საწარომები. სოფლის მეურნეობა საგარეუბნო ტიპისაა და ძირითადად ორიენტირებულია თბილისისა და რუსთავის სურსათით მომარაგებაზე.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 53 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 2 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 1 უმაღლესი სასწავლებელი, 39 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი. გამოდის რაიონული გაზეთი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
ღვთაების მონასტერი (მარტყოფი), ბეთანიის ტაძარი, კაბენის მონასტერი, შავნაბადას ეკლესია, აზეულას ციხე (კოჯორი).
ქვემო ქართლის მხარე | |
რუსთავი | ბოლნისის რაიონი | გარდაბნის რაიონი | დმანისის რაიონი | თეთრი წყაროს რაიონი | მარნეულის რაიონი | წალკის რაიონი |