გორიჯვრობა
ვიკიპედიიდან
გორიჯვრობა, წმინდა გიორგის სახელობის დღეობა. იმართებოდა გორიჯვრის წმინდა გიორგის ეკლესიასთან (გორის მახლობლად) გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მლოცველები მოდიოდნენ გორიდან, ატენის, დიდი და მცირე ლიახვის ხეობებიდან, კახეთიდან და სხვა. მოჰყავდათ საკლავი, მოჰქონდათ საზედაშე ღვინო, ასრულებდნენ საწესო რიტუალს. გორიჯვარს ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. ვისაც გორიჯვრის წვერზე, ეკლესიასთან არ შეეძლო ასვლა, ის გორის ძირში მდგომ გორიჯვრის ნიშთან ლოცულობდა. დღეობაზე ბაზრობაც იმართებოდა. 1920 წელს გორიჯვრის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია, მაგრამ მორწმუნე მოსახლეობა გორიჯვრობას კიდევ დიდხანს დღესასწაულობდა.