ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი
ვიკიპედიიდან
ნეიტრალური თვალსაზრისი - არის ინფორმაციის გადმოცემის მიუკერძოებელი ფორმა, მათ შორის მოცემულ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი თვალსაზრისების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია ხდება “აბსოლუტურად ჭეშმარიტი და არაკომპრომისული”. განვიხილოთ ერთი მაგალითი.
- ათეისტები დარწმუნებული არიან, რომ ღმერთი არ არსებობს, მტკიცება მისი არსებობის შესახებ სისულელეა. თუ ათეისტი სტატიაში დაწერს “ღმერთი გამოგონილი არსებაა’, რა გამართლებაც არ უნდა მოიყვანოს მან თავისი შეხედულობის დასაცავად, მორწმუნეები ამას არ მიიღებენ. მორწმუნეებს ასევე სწამთ, რომ ღმერთი არსებობს და მტკიცება მისი არარსებობის შესახებ ბოროტებაა და ეშმაკის ხრიკები. ამიტომ ისინი შეასწორებენ ამ სტატიას და ჩაწერენ - “ღმერთი უზენაესი არსებაა”. მაგრამ ამას არ დაეთანხმებიან ათეისტები.
თითქოს ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს და რედაქტორთა კონფლიქტი გარდაუვალია. მაგრამ ეს ასე არ არის! პრობლემის გადაჭრა ნეიტრალურ თვალსაზრისში მდგომარეობს. იგი საშუალებას იძლევა, მხარეებს შორის კომპრომისის გარეშე, სტატია ისე დაიწეროს, რომ მასში გადმოცემული ინფორმაცია იყოს აბსოლუტურად ჭეშმარიტი. როგორ ? აი ასე - სტატია უნდა დაიწეროს “გვერდით მდგომი პირის” პოზიციიდან ამგვარად:
- “მორწმუნეთა თვალსაზრისით, ღმერთი უზენაესი არსებაა, ხოლო ათეისტები თვლიან, რომ ღმერთი არ არსებობს”.
ამგვარად, მივიღეთ ფორმულირება, რომელიც:
- არ ცდილობს კომპრომისის მიღწევას ორ თვალსაზრისს შორის (ეს შეუძლებელია!)
- წარმოადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ორი მხარისათვის.
ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი ერთ-ერთი ქვაკუთხედია ვიკიპედიისა, რომელიც საშუალებას აძლევს მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნეს საქმის რეალურ ვითარებაზე. მისი შემოღება გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით.
ვიკიპედია არის უნივერსალური ენციკლოპედია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი შეიცავს კაცობრიობის ცოდნას გარკვეული განზოგადების დონეზე. მაგრამ ჩვენ, ხალხი ვერ ვთანხმდებით ერთმანეთში ზოგიერთ საკითხებში, რომელთა შესახებ არსებობს განსხვავებული თვალსაზრისები. ეს თვალსაზრისები ეფუძნება გარკვეულ თეორიებს, რომლებიც თავისთავად ჭეშმარიტია, მაგრამ ვინაიდან ერთი თვალსაზრისი ეწინააღმდეგება მეორეს, აქედან კეთდება დასკვნა, რომ მეორე თვალსაზრისი ყალბია, და ამდენად იგი არ წარმოადგენს ცოდნას. სადაც არ არსებობს თანხმობა, იქ არ იარსებებს იმის გაგება, თუ რა არის ცოდნა და რა არა.
ვიკიპედია არსებობს სხვადასხვა პროფესიის, საქმიანობის, ცოდნის, შეხედულების ადამიანთა ერთობლივი მოღვაწეობის შედეგად. მაგრამ როგორ იმუშავებს ეს ხალხი ერთ საქმეზე, თუ ერთი “ალთას” ამტკიცებს, მეორე “ბალთას”. გამოსავალი მოძებნილ იქნა ამ ფორმით: “კაცობრიობის ცოდნა” მოიცავს სხვადასხვა საკითხზე არსებულ ყველა მნიშვნელოვან თეორიას. ასე დავაფიქსირეთ ჩვენი წარმოდგენა “კაცობრიობის ცოდნაზე”.
და ბოლოს, შევნიშნავთ, რომ არსებობს თვით ტერმინების “ნეიტრალური”, “მიუკერძოებელი” სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. ვიკიპედიაში “მიუკერძოებულობა” ასე გვესმის: “განსხვავებული თვალსაზრისების წარმოდგენა რომელიმე მათგანის დაცვის გარეშე”.