ქართლური კილო
ვიკიპედიიდან
ქართლური კილო ქართული ენის საყრდენი კილოა. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას (კახურთან ერთად). ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება ქართლის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ქრ.შ.-მდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ მცხეთა და შემდეგ თბილისი. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც ბოლნისის სიონსა და მცხეთის ჯვრის საყდარზე (V-VI-VII სს.) ქართლურის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც კი, როცა თბილისი მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ ქართლის მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.
ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება კახეთიდან იმერეთამდე, ე.ი. არაგვისა და მტკვრის ხეობიდან ლიხის მთამდე. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: დუშეთის, მცხეთის, ნაწილობრივ სამგორის, მარნეულის, თეთრი წყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის, კასპის, გორის, ზნაურის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის რაიონებს.