წურწუმია, ლელა
ვიკიპედიიდან
ლელა წურწუმია და ბენდი | |
---|---|
![]() |
|
ქვეყანა | საქართველო |
აქტიურობის წლები | 1999 წლიდან დღემდე |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, სოული,ფოლკი |
წევრები |
|
ვებგვერდი | http://www.lela.ge |
ლელა წურწუმია (* 2 თებერვალი, 1969, თბილისი) – ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 ვიდეოკლიპი, ჩატარებული აქვს ათეულობით სოლო კონცერტი. სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე დასახელებულია როგორც საუკეთესო ვოკალისა და იმიჯის მქონე მომღერალი, მისი 2000 და 2002 წლის შოუკონცერტები სხვადასხვა მუსიკალურ დაჯილდოებებსა და გამოკითხვებში აღიარებულ იქნა როგორც წლის საუკეთესო შოუ. ლელას ალბომმა ”სულელი წვიმა” მიიღო წლის საუკეთესო ალბომის ტიტული. საქართველოსა და საზღვარგარეთ გაყიდულია მისი CD დისკებისა და აუდიო-კასეტების ათეულ-ათასობით ეგზემპლიარი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ოჯახი, ცხოვრების ადრეული წლები
ლელა წურწუმია 1969 წლის 2 თებერვალს დაიბადა პედაგოგთა ოჯახში. მამა, ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი და ლექტორი იყო, ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე, უცხო ენების სპეციალისტი. ჰყავს ორი და - ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად იწყებს მუსიკის სფეროში გარკვევას, დადიოდა ვოკალის პედაგოგებთან. იყო აქტიური და ენერგიული ბავშვი. როგორც მოგვიანებით დედამისი, ნინო ლომთათიძე გაიხსენებს, სულ პატარა ლელასაც კი, როდესაც ტრადიციულ შეკითხვას დაუსვემდნენ - რა უნდა გამოხვიდეო, პასუხი იყო ერთი და მტკიცე - ცნობილი მომღერალი. თავდაუზოგავი შრომის, ნიჭის, გარეგნობისა და ენერგიის წყალობით მან ბავშვობის მიზანი აისრულა.
[რედაქტირება] მუსიკალური განათლება
ამ მიზნის ასრულებისაკენ კი მან საკმაოდ ვრცელი გზა განვლო. ლელა წურწუმია 1986-1988 წლებში სწავლობდა თბილისის საცირკო - საესტრადო სასწავლებელში, 1990 წელს ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მუსკომედიის ფაკულტეტზე, 1992 წელს კი გადავიდა სამსახიობო ფაკულტეტზე. 1994-1996 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში, ვოკალის განხრით. საკმაოდ ძლიერი ვოკალი, თეატრალურ-მუსიკალური განათლება და გამოცდილება მას დაეხმარა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური, ორიგინალური შესრულების მანერა, უაღრესად სექსუალური და ქალური იმიჯი რამაც მის წარმატებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა და ფაქტიურად ტრამპლინის როლი შეასრულა მის კარიერაში.
[რედაქტირება] წარმატების ზღვართან
1996-1999 წლებში ლელა მღეროდა იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორან ”ევროპაში” სადაც ყოველ საღამოს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. კახამ, იგივე მამულიჩამ შენიშნა ახალგაზრდა, მომხიბვლელი მომღერალი გოგონა და მალე მათ ერთმანეთი გაიცნეს. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებს, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, რომელიც შემდგომში უკვე სხვა გრძნობაშიც გადაიზარდა.
[რედაქტირება] წარმატებული კარიერის დასაწყისი
მამულიჩა ლელას პროდიუსერი გახდა და აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა. „მინდა გიმღერო ისევ" და „პაემანი" ის ორი სიმღერაა, რომელიც ბავშვმაც კი იცოდა. საოცარი სევდით განმსჭვალული ეს სიმღერები მომენტალურად გახდა ჰიტი. ლიზა ვადაჭკორია (ჟურნალისტი): მახსოვს, მამუკა ბერიკა მოვიდა რადიოში და მითხრა, არის ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი გოგონა, რომელსაც უნდა თავისი სიმღერა მოგვასმენინოს და რადიოში დავატრიალოთო. ლიზამ თანხმობა მისცა. რადიოეთერამდე, შეკითხვაზე, თუ რა მიზანი ჰქონდა მას, ამ გოგონამ სრული გულწრფელობით უპასუხა - გამხდარიყო პოპულარული მომღერალი.
სევდით სავსე სიმღერები შეცვალა „რად მინდოდა"-მ. 1999 წელს მასზე გადაღებულმა კლიპმა ლელას მიტოვებული და ამ მიტოვებით გამოწვეული აგრესიული ქალის იმიჯი დაუმკვიდრა. კლიპი იმითაცაა აღსანიშნავი რომ მასში არის იმ დროისათვის საკმაოდ თამამი კადრები, ლამაზი სხეულის შიშველი ნაწილები და ელეგანტური ქალის გამომწვევი გამოხედვა რამაც ვიოდეორგოლს პოპულარობა მოუტანა.
ამასობაში ლელა წურწუმიამ მუშაობა დაიწყო თავის პირველ ალბომზე და 2000 წლის მაისში მსმენელს უკვე შესაძლებლობა მიეცა აუდიოკასეტებზე მოესმინა ალბომი, რომელსაც მომღერალმა და მისმა პროდიუსერმა სახელად ”პაემანი” შეარქვეს. ალბომი ძირითადად ქალაქური, ლირიული სიმღერებისგან შედგებოდა, რამაც თავდაპირველად გაამართლა, მაგრამ კარგი ინტუიციის წყალობით ლელაც და მამულიჩაც მიხვდნენ, რომ ასეთი რეპერტუარით ახალს ვერაფერს ეტყოდნენ მაყურებელს და მათაც მალე მობეზრდებოდათ. ამიტომ მუშაობა ახალ ალბომზე დაიწყეს და პარალელურად ემზადებოდნენ პირველი სოლო კონცერტისათვის.
[რედაქტირება] საუკეთესო დებიუტი
ლელას, მამულიჩას და პროფესიონალთა მთელი გუნდის 6 თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად 2000 წლის სექტემბერში მივიღეთ ლელა წურწუმიას პირველი სოლოკონცერტი სრული ანშლაგით. ამ კონცერტით ლელამ საბოლოოდ დაიმკვიდრა როგორც იმ დროისათვის ყველაზე ინოვატური, ორიგინალური მომღერლის სახელი. ეს იყო პირველი გრანდიოზული შოუ კონცერტი საქართველოში, თეატრალური დადგმებით, კოსტიუმირებული სანახაობით და რაც მთავარია, უაღრესად ენერგიული რიტმებით. ამ კონცერტით ლელა წურწუმია იყო ის პირველი, ვინც დაანგრია სტერეოტიპი, რომ მომღერალი სცენაზე მხოლოდ კლასიკურ სამოსში გამოწყობლი უნდა იდგეს. ფინალური სიმღერის, „სამბას" შესრულებისას ის გულმოშიშვლებული და სამბას რიტმებზე მოცეკვავე მეოვლინა მაყურებელს, არც სხვა მოცეკვავეებთან თამამ სცენებს მოერიდა (რაც ცეკვა სამბას შესრულებისას ჩვეულებრივი მოვლენაა) და ამით სცენაზე ენერგიის „ცეცხლი" დაანთო, უამრავი თაიგულით ხელში დროებით გამოეთხოვა მაყურებელს და ორიოდე წუთის შემდეგ სცენაზე უზარმაზარი, კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი წითელი კაბით საყვარელ დედაქალაქს - თბილისს უმღერა. სიმღერა დასრულდა, მაყურებელმა აუარება ყვავილები მიართვა ლელას და კიდევ დიდი ხანი ფეხზე დამდგარი აპლოდისმენტებს არ აკლებდა მომღერალს, რომელმაც ქართველ მაყურებელს პირველი გრანდიოზული შოუ-კონცერტი აჩვენა.
კონცერტი და განსაკუთრებით ლელას მიერ შესრულებული „სამბა" მეორე დღესვე საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. ლელას რიგით მეორე ალბომი „ოცნება შენზე" უდიდესი ტირაჟით გაიყიდა. მასში სწორედ ის სიმღერები იყო შესული, რომელთა პრემიერაც კონცერტზე მოხდა. ალბომის რეპერტუარი მკვეთრად განსხვავდებოდა წინასაგან და ახლა უკვე გაჯერებული იყო დასავლური პოპის, ლათინოამერიკული რიტმებისა და მსუბუქი ჯაზის ელემენტებით რაც ნამდვილად სიახლე იყო მაშინდელი სცენისათვის. ლელა წურწუმიას დებიუტი შედგა და ზომაზე მეტად წარმატებულად, მისი სასცენო სტილი მისაბაძი გახდა როგორც უბრალო მოქალაქეებისათვის, ასევე სხვა ცნობილი და არაცნობილი მომღერლებისთვისც კი. ამ მოკლე პერიოდში ის რეიტინგების სათავეში მოექცა და გამოკითხვებში, სახელდებოდა როგორც საუკეთესო მომღერალი და ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ქალბატონი.
[რედაქტირება] კრიზისული პერიოდი, II სოლოკონცერტი

ლელას წარმატება დღითიდღე იზრდებოდა, მაგრამ ლამაზი სანახაობები, მაღალი დონის მუსიკოსების მიერ დამუშავებული სიმღერები, ძვირადღირებული კლიპმეიკერების გადაღებული კლიპები, სასცენო ჩაცმულობა და ა. შ. საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მართალია ლელას ალბომები მაღალი ტირაჟით იყიდებოდა და კონცერტები ანშლაგით ტარდებოდა, მაგრამ ხარჯი შემოსავალზე მეტი იყო, ამიტომ 2002 წლისათვის არამხოლოდ ლელას, არამედ მთელ ესტრადას კრიზისული პერიოდი დაუდგა. მომღერალთა საკმაოდ მცირე რაოდენობა აღმოჩნდა „სიცოცხლისუნარიანი" არსებულ პირობებში. ამჯერად მომღერლის პროდიუსერსა და მეუღლეს, კახა მამულაშვილს გაუმართლა ინტუიციამ და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 წლიანი პაუზის შემდეგ მეორე სოლოკონცერტი შეეთავაზებინათ მაყურებლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ლელა ახალი ნამშობიარები იყო, აქტიურად დაიწყეს მზადება მორიგი სანახაობისათვის. 2002 წლის მაისში კი მას-მედიით უკვე გადაიცემოდა ლელა წურწუმიას ახალი სოლოკონცერტის რეკლამა.
მაისის ბოლოს, გაზაფხულის თბილ ამინდში სპორტის სასახლესთან ტევა არ იყო - ლელა წურწუმია კონცერტს მართავდა. დამსწრე საზოგადოების რაოდენობა შთამბეჭდავი იყო 25 000. აქედან მხოლოდ 18 000-მა მოახერხა კონცერტზე შესვლა და მორიგი რეკორდიც დამყარდა - სპორტის სასახლეს ამ რაოდენობის მაყურებელი არასდროს წვევია. კონცერტზე შესრულდა ლელას საუკეთესო სიმღერები. მათ შორის იყო „ჩუმად ნათქვამი" - სიმღერა, რომელიც მომღერალმა მის საუკეთესო მეგობარს გიორგი სანაიას ხსოვნას მიუძღვნა. მიუხედავად იმისა რომ თავს ცუდად გრძნობდა, წურწუმიამ მთელი კონცერტი დაუღალავად ჩაატარა და საათნახევარი მღეროდა მაყურებლისათვის. „ეს იყო ყველაზე მომგებიანი და კომერციული შოუ, რაც კი გაგვიმართავს" - აცხადებდა კონცერტის ბოლოს პროდიუსერი კახა მამულაშვილი.
კრიზისული პერიოდი ლელას შემოქმედებაში დასრულდა.
[რედაქტირება] ლელა ART-იმედში
იმავე, 2002 წელს თბილისში მეცენატმა და ბიზნესმენმა, ბადრი პატარკაციშვილმა ჩამოაყალიბა საპროდიუსერო კომპანია ART-იმედი. მასში გაწევრიანებული იყვნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა: მერაბ სეფაშვილი, ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი და სხვა. ამ მომღერლებს შორის იყო ლელა წურწუმია, რომელიც გახლდათ კომპანიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი. ზოგი ინფორმაციით, ლელას ყოველთვიური ჰონორარი 5000-მდე მერყეობდა. მომღერალმა ამ კომპანიის მიერ გამართულ ფაქტიურად ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა და მერაბ სეფაშვილთან ერთად არტ-იმედის სახედ იქცა.
[რედაქტირება] ახალი პროექტები

2003 წელს უპოპულარესი ალბომის ”სულელი წვიმის” გამოშვების შემდეგ ლელას კიდევ ერთი წარმატებული სოლოკონცერტი 2004 წლის 7 დეკემბერს შედგა. ამას მოჰყვა ალბომის მხარდასაჭერი ტურნე საქართველოს მასშტაბით და საგასტროლო ტურნეები გერმანიაში, ისრაელსა და საბერძნეთში სადაც ქართველი ემიგრანტებისათვის ადგილობრივ საკონცერტო დარბაზებში 10-მდე წარმატებული ცოცხალი კონცერტი გამართა. ტურნედან დაბრუნებულმა რამდენიმე ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა.
[რედაქტირება] ლაზური პროექტი
პირველი და უმნიშვნელოვანესი, ესაა ლაზური პროექტი, რომლის დასრულებული ვარიანტიც 2006 წელს აუდიო კასეტისა და CD-ს სახით გამოვიდა. იგეგმება ამ პროექტის საკონცერტო და ვიდეო-ვერსიის შექმნაც. ლაზური ალბომი ”იამო ჰელესა” მოიცავს 8 ლაზურ სიმღერას. პროექტი საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში შესული სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთის ქართველებით, ლაზებით დასახლებულ ტერიტორიაზე.
[რედაქტირება] ცოცხალი ბენდი
მეორე პროექტი ლელა წურწუმიამ 2006 წელს, ერთდროულად ორი ალბომის გამოშვების შემდეგ განახორციელა - შექმნა საკუთარი ცოცხალი ბენდი. ბენდის წევრები ქართული მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები არიან. ინტენსიური მუშაობა ზაფხულში დაიწყო და აგვისტოს თვეში ლელამ და მისმა ბენდმა უკვე ერთობლივი ტურნე დაიწყეს ცოცხალი კონცერტების. ქალაქ ზუგდიდში კონცერტს 40 000-მდე მაყურებელი დაესწრო. ინტენსიური რეპეტიციები კვლავაც გრძელდებოდა. ახალი წლისათვის ჩაიწერა ლელას და მისი ბენდის სოლოკონცერტი, რომელიც ტელეკომპანია ”იმედმა” გადასცა თავის ეთერში. ახალი წლის შემდეგ კი გამოვიდა ალბომი LIVE - Lela Tsurtsumia - ამ კონცერტის DVD, CD და MC ვერსიები. ეს გხლავთ ლელა წურწუმიას პირველი DVD დისკი. როგორც მისი საიტი იტყობინება, LIVE - Lela Tsurtsumia აქამდე საქართველოში გამოშვებული ყველაზე მაღალი ხარისხის ჩანაწერია. 2007 წლის 9 და 11 მარტს ლელა წურწუმიამ ბენდთან და ქორეოგრაფიულ ჯგუფ ”ვერნისაჟთან” ერთად საბერძნეთში ორი სოლოკონცერტი გამართა. ამჯერად, ქალაქებში: სალონიკი და ათენი. იწყება მუშაობა გრანდიოზულ სოლოკონცერტზე, რომელიც 2007 წელს თბილისში, ფილარმონიის დარბაზში გაიმართება.
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- პაემანი (2000)
- ოცნება შენზე (2000)
- სინგლი (2002)
- The Best (2002)
- სულელი წვიმა, I ნაწილი (2003)
- სულელი წვიმა(სრული ვერსია) (2004)
- პოპულარული დუეტები (2005)
- წამებს შენთვის ვინახავ (2006)
- ჲამო ჰელესა (ლაზური ალბომი) (2006)
- Live (2007)