ჯავახიშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე
ვიკიპედიიდან
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, (* 5 აგვისტო/17 აგვისტო, 1875, გორი ― † 22 იანვარი, 1973, თბილისი), ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1937), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ გეოგრაფიის საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924-1940), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1940-1970) და საპატიო პრეზიდენტი (1970-იდან).
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1900 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1899-1917 მუშაობდა ამავე უნივერსიტეტსა და მოსაკოვის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტსა (1918-1921), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1920-1973), ბათუმის (1936-1938), გორის (1943-1949), ქუთაისის (1933-1936), ბაქოს (1934-1936) პედაგოგიურ ინსტიტუტებში. იყო საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის (1918-1922), საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის (1926-1932), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის (1933-1938), ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945-1962) დირექტორი.
ჯავახიშვილი საბჭოთა საქართველოში გეოგრაფიის მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის შრომები, რომლებიც ეძღვნება საქართველოს და კავკასიის მრავალფეროვანი ბუნების გეოგრაფიის შესწავლას, აშუქებენ გეოგრაფიულ მეცნიერების თეორიულ საკითხებს: გეოგრაფიის მეცნიერული სტრუქტურა, მისი დამოკისებულება მომიჯნავე მეცნიერებებთან, გეოგრაფიის შემადგენელი დარგების ამოცანები და მომავალი, ლანდშაფტთმცოდნეობის, აგრეთვე სამხედრო გეოგრაფიის საგანი და ამოცანები, გეოგრაფიის მეცნიერული და განათლების ისტორია საქართველოში და სხვა. დიდია მისი დამსახურება საქართველოსა და კავკასიის გეოგფრაფიული რუკების შედგენაში.
ჯავახიშვილი ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება ეთნიკურ ანთროპოლოგიას.მან პირველმა საკმაოდ სრული ანთროპოლოგიის პროგრამის მიხედვით შეისწავლა საქართველოს თითქმის ყველა ძირითადი ეთნიკური ჯგუფი (ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონები). დაადგინა საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგისებურებები და განსაზღვრა მისი ადგილი ზოგად რასობრივ სისტემაში. შეისწავლა ქართველი ებრაელების ანთროპოლოგიის თავისებურებანი, სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა საქართველოს მოსახლეობაში დოლიქოკეფალიის პრობლემას.
ჯავახიშვილი არის თსუ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926, იარსება 1933-მდე), გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი (1945), საქართველოს სსრ გეოგრაფიის საზოგადოება (1924).
დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით.