გურია
ვიკიპედიიდან
გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დარჩენი ტერიტორია).
ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV ს-ის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ეს არის გურიის მხარე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიას.