თარგი:რჩეული სტატია/ისტორია/საქართველო
ვიკიპედიიდან
გურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან IXI საუკუნის დასაწყისამდე, დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შაც ზღვას, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს. XV-XVII საუკუნეების გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიის მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.
გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამოდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. (სრულად...)