წითელი მოედანი
ვიკიპედიიდან
წითელი მოედანი (რუს. Красная площадь) მოსკოვის ყველაზე განთქმული მოედანია. მოედანი ჰყოფს კრემლს, ყოფილ სამეფო ციტადელს და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას, ისტორიული სავაჭრო უბნისგან, ცნობილი როგორც "კიტაი-გოროდ". ამ მოედნიდან მთავარი ქუჩები გაედინება ყველა მიმართულებით და უერთდება ქალაქის ძირითად გზატკეცილებს, შესაბამისაც წითელი მოედანი ხშირად მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის ცენტრალურ მოედნად ითვლება. 1991 წელს წითელი მოედანი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი.
[რედაქტირება] სახელი და წარმოშობა
ტერიტორია, რომელზეც ამჟამად წითელი მოედანი მდებარეობს ადრე ხის ნაგებობებით იყო დაკავებული. ივანე III-ის 1493 პრიკაზით ადგილი გაწმენდილ იქნა, ვინაიდან ეს ხის ნაგებობები ხშირი ხანძრის მიზეზი ხდებოდა. ახლად გამოთავისუფლებული არე (ცნობილი როგორც "პოჟარი" - გადამწვარი ადგილი) დროთა განმავლობაში მოსკოვის მთავარ ბაზარი გახდა. მოგვიანებით, ეს ადგილი სხვადასხვა სახალხო დღესასწაულისა და პროკლამაციებისთვის გამოიყენებოდა, შემდგომ კი რუსეთის ცართა კორონაციისთვისაც კი. მას შემდეგ მოედანი ნელ-ნელა დღევანდელ სახეს იღებს და რუსეთის მთავრობების ოფიციალური ცერემონიების გამართვის მთავარი ადგილი გახდა.
წითელი მოედნის მდიდარი ისტორია მრავალ ხელოვნების ნიმუშშია ასახული, მათ შორის ვასილი სურიკოვის, კონსტანტინ იუონისა და სხვათა ფერწერულ ტილოებში.
სახელი "წითელი მოედანი" მომდინარეობს მის ირგვლივ შენობათა აგურის ფერისგან, და არა როგორც პოპულარულად მიჩნეული კომუნიზმთან ასოციაციით. რუსულად ასევე სიტყვა "красная" ლამაზსაც ნიშნავს. ეს სახელი თავდაპირველად წმ. ბასილის კათედრალურ ტაძარს ერქვა, მოგვიანებით კი მთელ მოედანს დაედო. მიიჩნევენ, რომ მოედანს მისი თანამედროვე სახელი მე-17 საუკუნიდან აქვს (რამაც "პოჟარი" შეცვალა). მოგვიანებით ზოგიერთი უძველესი რუსული ქალაქის, როგორიცაა სუზდალი, იელეცი და პერესლავლ-ზალესკი, მთავარ მოედანს "წითელი" მოსკოვის მიბაძვით დაერქვა.