კომუნიზმი
ვიკიპედიიდან
კომუნიზმი – საზოგადოებრივი წყობა რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას. მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე იხმარება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.
მე–20 საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში, მათ შორის 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთერთ ზესახელმწიფოდ. 1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი კომუნისტურ სახელმწიფოებში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა.
დღემდე გამოხატული კომუნისტური მმართველობა არსებობს ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, ლაოსში და კუბაზე.
მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმისკენ გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით. ეს გზა არჩეული ჰქონდათ არსებული კომუნისტური რეჟიმების უმრავლესობას, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში შესვლა არ განხორციელებულა არც ერთ მათგანში.
კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია სამხრეთ ამერიკაში.