სტაინბეკი, ჯონ
ვიკიპედიიდან
ჯონ ერნსტ სტაინბეკ III (ინგ. John Ernst Steinbeck III) (* 27 თებერვალი, 1902 ― † 20 დეკემბერი, 1968) - ამერიკელი მწერალი. 1962 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით "თაგვებსა და ადამიანებზე" (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით "მრისხანების მტევნები" (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.
სტაინბეკი ნატურალისტურ სტილში წერდა, ხშირად მისი წერის საგანი მუშათა კლასის ცხოვრება იყო; მისი შრომების თემატიკა ინტერესთა ფართო სპექტრს მოიცავს - ოკეანის ბიოლოგიიდან დაწყებული, ჯაზით, პოლიტიკით, ფილოსოფიით, ისტორიითა და მითოლოგიით დამთავრებული.
მისი ჩვიდმეტი ნამუშავერი, მათ შორის Cannery Row (1945) და ”მარგალიტი” (1947) ჰოლივუდის მიერ ეკრანიზებულ იქნა. თავად სტაინბეკმაც გაითქვა სახელი, როგორც ჰოლივუდის მწერალმა და ერთხელ ოსკარის ნომინაციაში მოხვდა საუკეთესო სცენარისთვის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმისთვის "სიცოცხლის გემი" (1945).
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება და მოღვაწეობა
დაიბადა ჯონ ერნსტ სტაინბერ II-ის (პირველი თაობის გერმანული წარმოშობის ამერიკელი, რომლის თავდაპირველი გვარი იყო გროსსაინბეკი) და ოლივ სტაინბეკის (დაბ. ჰამილტონი, ასევე პირველი თაობის შოტლანდიელ-ირლანდიელი ამერიკელი) ოჯახში, სალინასში, კალიფორნია. ჰყავდა სამი და: ორი უფროსი და ერთი უმცროსი. მამამისი მუშაობდა ქაუნთის მთავრობაში მეჭურჭლეთუხუცესად, დედამისი კი მასწავლებელი იყო.
1919 წელს ჩააბარა სტენფორდის უნივერსიტეტში, თუმცა 1925 წელს დაანება და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ყოველდღიურ მუშად მუშაობდა, მათ შორის მშენებლობაზეც, თუმცა პარალელურად თავისუფლი ჟურნალისტის სახით საკუთარი წერის სტილს ამუშავებდა. გარკვეული პერიოდის ძებნის მიუხედავად ნიუ-იორკში გამომცემელს ვერ პოულობს და ისევ კალიფორნიაში ბრუნდება.
სტაინბეკის პირველი რომანი, მითოლოგიური "ოქროს ფინჯანი", გამოქვეყნებული 1929 წელს, წარუმატებელი გამოდგა. 1930 წელს კეროლ ჰენინგზე ქორწინდება, წერას აგრძელებს, თუმცა მშობლების გაუარესებული ჯანმრთელობის გამო დიდ დროს მათ უთმობს. დედა 1934 წელს, მამა კი 1935-ში გარდაეცვალა.
პირველი წარმატება სტაინბეკს რომანმა "ტორტილა ფლეტი" მოუტანა, რომელმაც კალიფორნიის თანამეგობრობის კლუბის ოქროს მედალი მოიხვეჭა. ამბავი მონტერეიში ახალგაზრდა მამაკაცის თავგადასავალზე დიდი დეპრესიის პერიოდში 1942 წელს კინოფილმად გადაიღეს, რომელშიც თამაშობდნენ სპენსერ ტრეისი, ჰედი ლამარი და ჯონ გარფილდი.
პოლიტიკური შეხედულებები სულ უფრო გავლენიანი ხდებოდა სტაინბეკის ნაწარმოებებში. კეროლ ჰენინგი მარქსისტი იყო და მან სტაინბეკი სან-ფრანცისკოს რადიკალურ პოლიტიკურ შეხვედრებს დაასწრო. წყვილმა 1937 წელს საბჭოთა კავშირი მოინახულა - ამერიკელ ლიბერალ ინტელექტუალთა ერთობლივი ვოიაჟი მსოფლიოს წამყვანი კომუნისტური ქვეყნის წარმატებების საკუთარი თვალით ხილვის იმედით. ჰენინგი მოგვიანებით აშშ-ის კომუნისტური პარტიის რეგისტრირებული წევრი ხდება, თავად სტაინბეკის წინააღმდეგობის მიუხედავად.
[რედაქტირება] ქორწინება და შვილები
სტაინბეკი და ჰენინგი 1941 წელს განქორწინდნენ და სტაინბეკი ნიუ-იორკში გადადის გვენდოლინ კონგერთან. კონგერთან 1943 წელს იქორწინა და წყვილს ორი ვაჟი შეეძინა: თომას სტაინბეკი და ჯონ სტაინბეკ IV. კონგერი და სტაინბეკი 1949 წელს განქორწინდნენ.
მსახიობმა ევა გარდნერმა სტაინბეკს ელენ ანდერსონ სკოტი გააცნო წვეულებაზე, ვისთანაც მან 1950 წელს იქორწინა. წყვილს შვილები არ შესძენიათ.
[რედაქტირება] წარმატება
კალიფორნიაში დაბრუნებული სტაინბეკი აღმაფრენას "კალიფორნიული რომანების" წერაში ხედავს, რომელთა ძირითადი მოტივი დიდი დეპრესიის პერიოდის ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრებაა. მისმა სოციალურად დატვირთულმა რომანებმა სოფლის მშრომელთა მძიმე ტვირთზე უდიდესი კრიტიკული შეფასება მოიპოვა. "თაგვებსა და ადამიანებზე" - ნოველა წყვილ ემიგრანტ მუშათა ოცნებაზე ემუშავათ კალიფორნიის მიწაზე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ბროდვეის პროდიუსერმა სემ ჰარისმა სტაინბეკს სთხოვა ამ ნოველის სცენური ადაპტაცია დაეწერა, თუმცა სტაინბეკს ამგვარი გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. ჰარისმა დახმარება ასევე სთხოვა რეჟისორ ჯორჯ კაუფმანს, რომლის თანადგომითა და წაქეზებით სტაინბეკმა შესძლო ნოველის პიესად გადაკეთება. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლს მყისიერი წარმატება ხვდა წილად; მასში მონაწილებდნენ ბროდერიკ კროუფორდი "ლენის" როლში და უოლას ფორდი, ლენის ბიძაშვილი და კომპანიონი "ჯორჯის" როლში. სტაინბეკმა უარი თქვა სპექტაკლის პრემიერისთვის ნიუ-იორკში მგზავრობაზე, ვინაიდან მისი თქმით თავად ნაწარმოები იმდენად სრულყოფილი იყო, მისი ნებისმიერი სცენური შესრულება განწირული იყო გაწბილებისთვის. სპექტაკლი მალევე ჰოლივუდის ფილმისთვის გადაკეთდა, რომელშიც 1939 წელს "ლენის" როლი ბრწყინვალედ შეასრულა ლონ ჩეინიმ, ხოლო "ჯორჯისა" კი - ბურგეს მერედითმა. სტაინბეკს წარმატების ეს ტალღა თან გაჰყვა "მრისხანების მტევნებშიც" (1939) -- რომანი, რომელსაც საფუძვლად მისი სან-ფრანცისკოს გაზეთისთვის დაწერილი სტატიები დაედო, და რომელიც კრიტიკოსთა მიერ მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. რომანმა პულიცერის პრემია დაიმსახურა 1940 წელს და იმავე წელს დაიდგა ჯონ ფორდის ფილმში, სადაც მთავარ როლს ჰენრი ფონდა ასრულებს.
"მრისხანების მტევნების" წარმატება კრიტიკის გარეშე არ დარჩენილა. სტაინბეკის ლიბერალურმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა კაპიტალიზმის მახინჯ მხარეებზე და დასტ-ბოულის მიგრაციების ისტორიულ მოვლენათა მითიურმა ხელახალმა ინტერპრეტაციამ ავტორზე მის მშობლიურ შტატში მწვავე შეტაკებები გამოიწვია. განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მსხვილი მიწათმფლობელები და ბანკირები, რომლებიც ავტორზე ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ.