გურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან IXI საუკუნის დასაწყისამდე, დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შაც ზღვას, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს. XV-XVII საუკუნეების გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიის მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.
გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამოდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. (სრულად...)
|
გიორგი III (? ― † 1184), საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის ჩამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო "უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა".
მამამ გიორგი III ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა (უფროსი ძმის დავით V-ის გარდაცვალებისა და სამეფო ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ), მოგვიანებით კი საკუთარ სიცოცხლეშივე გაამეფა. ასეთი ღონისძოება აუცილებელი იყო, რადგანაც დიდგვაროვან ფეოდალებს დავით V-ის ძის (დემნა, იგივე დემეტრე) სახით ჰყავდათ ტახტის პრეტენდენტი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად.
|