ქრისტე
ვიკიპედიიდან

ქრისტე, იესო – მაცხოვარი, მხსნელი, სამების მეორე წევრი, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიო რელიგიის – ქრისტიანობის დამფუძნებელი. ბიბლიის ახალი აღთქმის მიხედვით იგი შვა მარიამმა, უბიწო ქალწულმა, რომელსაც ანგელოზმა წინასწარ ახარა უფლის ნება, მოევლინა სულიწმინდა მტრედის სახით და ბეთლემის ქვაბში შვა მესია. მამობილმა იოსებმა ეგვიპტეში გაარიდა ღვთისმშობელთან ერთად ებრაელთა ტირანს ჰეროდეს, რომელმაც იმ ღამეს შობილი უთვალავი ყრმა გაჟლიტა, რათა ძე ღვთისა მოესპო. ის კი გადარჩა, გაიზარდა, დაბრუნდა, იქადაგა პალესტინაში ახალი მოძღვრება, გაიჩინა მოწაფეები (12 მოციქული), განიცადა სინედრიონის სასტიკი დევნა, ბოლოს იუდას ღალატით შეიპყრეს, აწამეს, ეკლის გვირგვინი დაადგეს, ჯვარი აზიდვინეს გოლგოთის მთაზე და ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად, სამი დღის შემდეგ კი საფლავი გაიხსნა და ცად ამაღლდა.
ეს ამბები მოთხრობილია ოთხ კანონიკურ სახარებაში: მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანესი. ძე ღვთისა, იესო მდინარე იორდანეში მონათლა იოანე ნათლისმცემელმა, ქადაგებდა სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ახალ სარწმუნოებას. ქრისტიანებს სწამთ იესოს მეორედ მოსვლის, როცა გაიმართება საშინელი სამსჯავრო და მაცხოვარი განიკითხავს, თავთავის ადგილს მიუჩენს ცოდვილებს და უცოდველთ, დაამყარებს წმინდანთა ათასწლოვან მეუფებას.